-
2013-10-29 15:08
ექსპერტი გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, გიორგი მარგველაშვილის ოჯახურ მდგომარეობას ეხმაურება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ იგი ვერავითარ პრობლემას ვერ ხედვას იმაში, რომ მარგველაშვილს ოფიციალურად არ აქვს ურთიერთობა გაფორმებული მის პარტნიორთან:
"ჩემი პირადი პოზიცია: ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილს არა აქვს გაფორმებული ურთიერთობა მის პარტნიორთან, მაკა ჩაჩუასთან. მთავარია, ის ამ ურთიერთობას არ მალავს და თავის პარტნიორს ექცევა ისე, როგორც მომავალ პირველ ლედის ეკადრება. ასევე, ის, რომ ამ მსახიობ ქალს თამამ ეროტიულ (თუმცა არა პორნოგრაფიულ) სცენებში აქვს მიღებული მონაწილეობა, არანაირ პრობლემას არ მიქმნის იმაში, რომ პატივი ვცე მას, როგორც მომავალ პირველ ლედის. მე არ ვიცნობ ქ-ნ მაკას, მაგრამ მის მიმართ აპრიორი სიმპათიით ვარ განწყობილი. ასეთი პირველი ლედი უფრო ამაღლებს ჩემს დამოკიდებულებას მომავალი პრეზიდენტისადმი, ვიდრე პირიქით (სხვათა შორის, იმავეს თქმა შემეძლო სანდრა რულოფსზე და მიხეილ სააკაშვილზე).
ჩემი, როგორც ანალიტიკოსის შეფასება: მიკვირს, რომ ისეთ ტრადიციულ და კონსერვატულ საზოგადოებაში, როგორიცაა საქართველო, მომავალი პრეზიდენტის გაუფორმებელი ურთიერთობა მის პარტნიორთან და მისი ფილმის თამამი სცენები უფრო დიდ პოლიტიკურ პრობლემას არ უქმნის მას. თავისთავად, პრეზიდენტის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივი ინტერესის ლეგიტიმური საგანია (გარკვეულ ფარგლებში, რა თქმა უნდა). როცა გიორგი მარგველაშვილმა თანხმობა განაცხადა პრეზიდენტის თანამდებობაზე, მას წინასწარ უნდა სცოდნოდა, რომ საზოგადოებას დააინტერესებდა მომავალი პირველი ლედის ვინაობა, მათი ურთიერთობის სტატუსი, ხოლო მისი კადრები საბანაო კოსტუმით ან მის გარეშე საყოველთაო განხილვის საგანი გახდებოდა. მით უმეტეს, რომ ეს კადრები პაპარაცების მიერ საიდუმლოდ მოპოვებული მასალა კი არაა, არამედ ქ-ნი მაკას პროფესიული ცხოვრების განუყრელი ნაწილი. ჩემი ვარაუდით, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს ან დავით ბაქრაძეს რომ ჰქონოდა იგივე ვითარება, ამას მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გაცილებით უფრო აქტიურად გამოიყენებდნენ.
ასე რომ, ზედმეტი ყურადღების მინიჭება გიორგის და მაკას „თავისუფალი ურთიერთობის“ ან მაკა ჩაჩუას თამამი კადრების მიმართ არ მიმაჩნია მაღალი გემოვნების გამოვლინებად. ამ მხრივ, ეს ადამიანები ჩვენს თანადგომას იმსახურებენ. მაგრამ არც იმის გამო უნდა ავტეხოთ ისტერიკა, რომ „ყვითელი პრესა“, პოლიტიკური თუ სხვა მოტივით, ამ საკითხის და კადრების მიმართ ინტერესს გამოიჩენს. ამგვარი ინტერესი პოლიტიკური ცხოვრების ბუნებრივი ატრიბუტია. „აბა როგორ გინდა, ძმაო (და დაო)."