
რუსთავის სამარშრუტო ხაზის მძღოლის თვითმკვლელობის ფაქტის გამო კომპანია "ინტერტრანსი", რომელმაც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა , სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"დღეს რუსთავში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილი მძღოლის, ვეფხია გოგილაშვილის ოჯახს. ვეფხია გოგილაშვილი რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. "ინტერტრანსი" ამ კონკრეტულ მარშრუტზე ამ დროისათვის საკუთარი მიკროავტობუსების შეყვანას არ გეგმავდა, რადგან მძღოლებთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვეფხია გოგილაშვილი რამდენჯერმე იყო კომპანიაში მისული და თანხმობას აცხადებდა თანამშრომლობაზე. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ე.წ. ხაზის მეპატრონეებისა და მათი ადვოკატის, რიჟამაძის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა გოგილაშვილს უარი ეთქვა "ინტერტრანსთან" თანამშრომლობაზე. თხოვნით მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად მოახდინოს რეაგირება, რათა არავის მიეცეს საშუალება, საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს ადამიანის ტრაგედია", – ნათქვამია "ინტერტრანსის" განცხადებაში.
რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე ერთ-ერთმა მძღოლმა ვეფხია გოგილაშვილმა, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელბით დაასრულა. მან საკუთარ საცხოვრებელ ბინაში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი სახლში ძმამ ნახა.
მძღოლების ადვოკატი მომხდარს ბოლო დროს, რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზებთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირებს. მძღოლები ტენდერის გაუქმებას ითხოვდნენ და ,,ქარტული ოცნების" ოფისთან აქციებს მართავდნენ.