
საქართველოს დელეგაციის „ქართული ოცნების“ ფრთამ ხმა არ მისცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიის რეზოლუციას, მასში არსებული საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული შესწორებების გამო.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ავრცელებენ. გიორგი გაბაშვილი წერს:
„ქართული ოცნების დელეგაციის წევრებმა არ მისცეს ხმა რეზოლუციას საქართველოზე. სრული ფიასკოა ოცნებისთვის“.
ამავე დეპუტატის მიხედვით, „ქართული ოცნების მცდელობა, გაეწვიათ რეზოლუცია და კომიტეტში დაებრუნებინათ ჩავარდა კენჭისყრით. სამთავრობო გუნდის ყველა ამენდმენტი ჩავარდა. გავიდა ყველა შესწორება პოლიტიკურ დევნაზე, წინასწარ პატიმრობებზე, ოპოზიციის დევნაზე, ოპონენტების დაჭერებზე ( ცვლილებები 5, 25, 26, 27 და ა.შ).“.
რეზოლუციის ტექსტიდან ამოიღეს მხოლოდ ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ქვეყნის ფორმალურ მმართველზე. გიორგი კანდელაკი წერს, რომ ეს ნაწილი 10 ხმით არ გავიდა:
„არ გავიდა 10იოდე ხმით. გადაარჩინეს რადიკალმა მემარცხენეებმა - კომუნისტებმა და ტროცკისტებმა ანუ პრორუსულმა ძალებმა, რომლებსაც მობილიზაცია ქონდა. სამაგიეროდ გავიდა აბსოლუტურად ყველა შესწორება და არ გავიდა ოცნების აბსოლუტურად არც ერთი“.
თინათინ ბოკუჩავას ცნობით კი, „ასევე ძალიან სასაცილო იყო, რომ რუსები ტაშით შეხვდნენ იმ ამბავს, რომ ბიძინაზე ჩანაწერი არ გავიდა“.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, უკან არ გაიწვიეს რეზოლუციის პროექტი, სადაც საქართველოს ხელისუფლება მწვავედ იყო გაკრიტიკებული.
იმ შესწორებების შესახებ, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა თქმით, უკლებლივ მოხვდა რეზოლუციის ტექსტში, მანამდე გიორგი კანდელაკი წერდა:
1. გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით რომ ყოფილი პრემიერი ივანიშვილი აკონტროლებს საქართველოს მთავრობას (შესწ 33)
2. გამოთქმულია შეშფოთება წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური ფიგურების მიმართ გამოყენების და ამ ინსტიტუტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ (შესწ 26 და 31)
3. აღინშნულია რომ უკვე ციხეშია ან იდევნება ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი, რაც იწვევს სისხლის სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ეჭვებს (შესწ 29 და 25)
4. გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების გამო (შესწ 27)
5. გამოთქმულია მოწოდება მთავრობის მიმართ რათა უსწრაფესად ამოქმედდეს მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ნორმები და მოხდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვანი ამოქმედება (შესწ 28)
6. გამოთქმულია შეშფოთება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის გამო და დაფიქსირებულია მოწოდება მთავრობის მიმართ რათა მისი პატიმრობა შეიცვალოს აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიებით (შესწ 5). ამასთან ეს შესწორება შემოთავაზებულ იქნა თავად კომიტეტის მიერ და მიღებულ იქნა ერთხმად რაც ნიშნავს რომ მისი შეცვლის შანსი ნულის ტოლია.
7. გამოთქმულია შეშფოთება წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის და კანდიდატებზე ზეწოლის გამო მათი მოხსნის მიზნით და დაფიქსირებულია ამ ფაქტების უსწრაფესი გამოძიების მოთხოვნა (შესწ 3)
გარდა ამისა, რეზოლუციაში ისედაც იდო შემდეგი აღსანიშნავი დებულებები:
• „ასამბლეა სერიოზულადაა შეშფოთებული მრავალრიცხოვანი ბრალდებებით, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა პოლიტიკურად არის მოტივირებული, რაც შერჩევით და რევანშისტურ სამართლად შეიძლება იქნეს მიჩნეული“ (მუხლი 10).
• „ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარიმართოს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული პატივისცემით, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად. ხაზს უსვამს, რომ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი არა თუ არ უნდა იქნეს გამოყენებული, არამედ არც ასეთად არ უნდა იყოს აღქმული“. (მუხლი 10.2)
• „ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს ნებისმიერ ბრალდებაზე სამართალდამცავი ორგანოების არასათანადო ქცევის შესახებ, რაც ამ საქმეებს უკავშირდება“ (მუხლი 10.3).