
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტში ის შესწორებები მიიღეს, რასაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, მათი შესწორებები კი უარყვეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი წერს.
„ახლახან დამთავრდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა სადაც განიხილებოდა რეზოლუციის პროექტი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. კომიტეტმა გადაჭრით უარყო ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ყველა მნიშვნელოვანი შესწორება. ამავე დროს კომიტეტმა მოიწონა მთავრობის კრიტიკული უკლებლივ ყველა შესწორება. შედეგად, რეზოლუციის ტექსტს დაემატა შემდეგი მნიშვნელოვანი დებულებები:
1. გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით რომ ყოფილი პრემიერი ივანიშვილი აკონტროლებს საქართველოს მთავრობას (შესწ 33)
2. გამოთქმულია შეშფოთება წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური ფიგურების მიმართ გამოყენების და ამ ინსტიტუტის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ (შესწ 26 და 31)
3. აღინშნულია რომ უკვე ციხეშია ან იდევნება ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი, რაც იწვევს სისხლის სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ეჭვებს (შესწ 29 და 25)
4. გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების გამო (შესწ 27)
5. გამოთქმულია მოწოდება მთავრობის მიმართ რათა უსწრაფესად ამოქმედდეს მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ნორმები და მოხდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვანი ამოქმედება (შესწ 28)
6. გამოთქმულია შეშფოთება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის გამო და დაფიქსირებულია მოწოდება მთავრობის მიმართ რათა მისი პატიმრობა შეიცვალოს აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიებით (შესწ 5). ამასთან ეს შესწორება შემოთავაზებულ იქნა თავად კომიტეტის მიერ და მიღებულ იქნა ერთხმად რაც ნიშნავს რომ მისი შეცვლის შანსი ნულის ტოლია.
7. გამოთქმულია შეშფოთება წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის და კანდიდატებზე ზეწოლის გამო მათი მოხსნის მიზნით და დაფიქსირებულია ამ ფაქტების უსწრაფესი გამოძიების მოთხოვნა (შესწ 3)
გარდა ამისა, რეზოლუციაში ისედაც იდო შემდეგი აღსანიშნავი დებულებები:
• „ასამბლეა სერიოზულადაა შეშფოთებული მრავალრიცხოვანი ბრალდებებით, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა პოლიტიკურად არის მოტივირებული, რაც შერჩევით და რევანშისტურ სამართლად შეიძლება იქნეს მიჩნეული“ (მუხლი 10).
• „ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარიმართოს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული პატივისცემით, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის შესაბამისად. ხაზს უსვამს, რომ შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი არა თუ არ უნდა იქნეს გამოყენებული, არამედ არც ასეთად არ უნდა იყოს აღქმული“. (მუხლი 10.2)
• „ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს ნებისმიერ ბრალდებაზე სამართალდამცავი ორგანოების არასათანადო ქცევის შესახებ, რაც ამ საქმეებს უკავშირდება“ (მუხლი 10.3)