-
2014-09-02 19:05
საბერძენთში კუნძულ სამოსზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის 4 საათით დაკავების ფაქტს საბერძნეთის პოლიცია არ ადასტურებს, – ამის შესახებ ,,რუსთავი 2“ კუნძულ სამოსის პოლიციის წარმომადგენლის სატელეფონო კომენტარს ავრცელებს.
საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით კი, იახტა, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ექსთავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა საბერძნეთის კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსმა, დიმიტრი კაპაკიდისმა. ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 18:00 საათზე, თურქეთის მხრიდან, კუნძულ სამოსზე შევიდა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზე საქართველოს მოქალაქეებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სასაზღვრო კონტროლის დროს მიხეილ სააკაშვილის პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მხარის მიერ შესულია მოთხოვნა პირის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროცედურები დასრულებული არ არის, საბერძნეთს არ ჰქონდა პირის დაკავების საფუძველი.
მათივე თქმით, გემი კუნძულზე ოთხი საათით დააყოვნეს, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა თავისი ეპიკაჟის შემადგენლობით. ეს არის საბერძნეთის სამართალდამცავების, კერძოდ კი სამოსის პოლიციის განყოფილების უფროსისგან მიწოდებული ინფორმაცია", - განაცხადა ბაქრაძემ.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, სააკაშვილის საბერძნეთში დაკავება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ინფორმაციის ქართულ მხარესთან გადამოწმების შემდეგ ბერძნულმა მხარემ გაარკვია ,რომ წითელ ცირკულარში ჩასმის პროცედურები დასრულებული არ იყო და სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილი გაუშვეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს დამცველმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე საქართველოს ელჩმა საბერძნეთში რამდენად რეალისტური ინფორმაცია გაავრცელა, ეს ცალკე მსჯელობის საგანია.
"უბრალოდ ამ განცხადებაში არის ერთი უცნაური დეტალი, კერძოდ, ელჩი ამბობს, რომ თითქოს სააკაშვილი შეაჩერეს იმიტომ, რომ მასზე იყო ინფორმაცია ძებნის თაობაზე. შემდეგ იგი გაუშვეს, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თუ იყო ინფორმაცია ძებნის თაობაზე, მაშინ ეს ინფორმაცია არსებობდა. თუ არ არსებობდა ეს ინფორმაცია, უკვე საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ელჩი. ეს ყველაფერი გავს რაღაც უაზრო ჭორს, რომლის მსგავსი აზერბაიჯანის ელჩმა გაავრცელა", - განაცხადა კახიძემ.
ვრცელ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ აკეთებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
"მე ეს ამბავი ვიცი მედიისგან, არ მისაუბრია ჩვენი საკონსულოს წარმომადგენლებთან და აქედან გამომდინარე, ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. საერთოდ, ადამიანი როდესაც არის პასუხისგებაში მიცემული და იწყება მისი ძებნის პროცედურები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნებთან და შეიძლება ეს ამითაც იყოს გამოწვეული", - განაცხადა თეა წულუკიანმა