
პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტისთვის სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ ე.წ. „დოქტორმა დოტი“ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს პირველად გერმანიაში შეხვდა, მასაჟი ბევრჯერ გაუკეთა, შემდეგ კი ის საქართველოში დაპატიჟეს.
„საქართველოში მასთან ერთად ჩამოვედი მისი პირადი თვითმფრინავით, ჯერ - ბათუმში, შემდეგ კი – თბილისში ავტომანქანით.
ბათუმშიც და თბილისში მასაჟი მის სახლში გავუკეთე. რაც შეეხება ანაზღაურებას, არ მახსოვს, დიდი ხნის წინ იყო, თუმცა მინდა, ვთქვა, რომ რომ დიდი თანხა არ მომითხოვია მისგან, იმიტომ რომ ძალიან სახალისო იყო მასთან ერთად ყოფნა, ის პოლიტიკის როკ ვარსკვლავია, მე ის ძალიან მომწონდა”, - განაცხადა დოროთი შტეინმა.
როგორც დოროთი შტეინი აცხადებს, მისი მომსახურების ღირებულება ყველასთვის ერთნაირია, კერძოდ კი, 1 საათი - 150 აშშ დოლარი, 1 საათი 22:00 საათის შემდეგ - 200 აშშ დოლარი, შუაღამის შემდეგ 1 საათი - 250 აშშ დოლარი, 02:00 საათის შემდეგ ერთი საათი - 300 აშშ დოლარი, 04:00-დან 06:00 საათის შუალედში ერთი საათი - 350 აშშ დოლარი.
მისივე თქმით, “ტარიფები იცვლება დროსთან ერთად. ასე რომ, საწყისი ფასი განსხვავდება დროის ცვლილებასთან ერთად.
პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება.
ამის შემდეგ, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტის და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მასაჟისტი დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.
„პირველი“