
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ცნობით, შეწყალების კომისიამ სიის პრეზიდენტთან გადაგზავნამდე 2 743 საქმე განიხილა.
აქედან 1 228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია შეწყალების კომისიის დებულებით.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბოლოოდ ხელი მხოლოდ 280 პატიმრის შეწყალებას მოაწერა. ცნობილია, რომ მათგან რვა ქალბატონია და 10 არასრულწლოვანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამნისტირებულთა დიდი უმრავლესობა ნარკოტიკებს უკავშირდება.
„პრაიმტაიმი“ კომისიის ხელმძღვანელს, ზვიად ქორიძეს დაუკავშირდა. ქორიძემ კითხვა ჯერ მოისმინა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ინტერვიუს გადადების გადაწყვეტილება.
რაც შეეხება კომისიის წევრს, ლია მუხაშავრიას, მან დაადასტურა, რომ კომისიამ ნარკოტიკების მომხმარებლები ნამდვილად შეიწყალა, რაც შეწყალების კომისიის მუშაობისთვის სიახლეა.
„მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო შეწყალებულებზე, ერთადერთი პრეზიდენტია უფლებამოსილი. ეს საიდუმლოს წარმოადგენს. შემიძლია გითხრათ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებზე ნამდვილად შემწყნარებელია კომისია, ოღონდ მხოლოდ მომხმარებლებზე,“ - აღნიშნა მან.
ლაშა ბუღაძე, შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი:
„კომისიის ფარგლებში ყოველთვის იყო სერიოზული კამათი ნარკოტიკის მომხმარებლებთან დაკავშირებით, იყო განხილვები, ხმამაღალი და სერიოზული კამათი მიმდინარეობდა ხოლმე იმ პატიმრებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჰქონდათ მისჯილი 8-10 და ხშირ შემთხვევაში 13 წელიც კი, ნარკოტიკების გამო...
სახელმწიფო და საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და მიიღოს გადაწყვეტილება: ნარკომანი კრიმინალია თუ ავადმყოფი? უნდა არსებობდეს ალტერნატიული სასჯელები, ისე როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია.
ფაქტია, რომ ამაზე პრეზიდენტს საზოგადოების წინაშე ახსნა-განმარტება მოუწევს", - წერს გამოცემა.