
ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ პრემიებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო.
აქედან გამომდინარე, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი გამოდის ინიციატივით, დაზოგილი თანხა ძველ თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტების გაკეთებას მოხმარდეს.
„თითო დეპუტატი ისე იწერდა 20 000 ლარს, 300-350 %-იან პრემიას, როგორც დაგიბარებია. ჯამში პრემიების თანხა ადიოდა ნახევარ მილიონზე და მეტზეც. აი, ახლა პრემიებზე რომ დავზოგეთ უზარმაზარი ფული, ამ თანხით შესაძლებელია გამოვაცხადოთ ტენდერი სასწრაფოდ, იმიტომ, რომ ძველი თბილისი არის ტურისტებით სავსე და ყარს შარდის სუნად ლესელიძე.
ძველ თბილისს უნდა ეშველოს მასშტაბურად.
მსოფლიოში არსებობს შესანიშნავი მოდელები, როგორ გახდნენ ისტორიულ ქალაქში მაცხოვრებელი ხელმოკლე ადამიანები მილიონერები. ჩვენც გვაქვს ამის შესანისნავი მოდელები - ცუდიც და კარგიც.
ერეკლეს ქუჩა არის ძალიან კარგი მოდელი, როგორ შეიძლება განავითარო, დარჩეს და გამდიდრდეს მოსახლეობა ისტორიული მემკვიდრეობით და გვაქვს ძალიან ცუდი მოდელი პლეხანოვზე – როგორ შეიძლება სახელმწიფომ უპასუხისმგებლოდ ათეულობით მილიონი დახარჯოს ისე, რომ არანაირი შედეგი არ მოჰქონდეს",- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.