
პოლიტოლიგი სოსო ცინცაძე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„მსგავსი მასშტაბური საკადრო ცვლილება მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ კულუარებში საუბრები მიდიოდა. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ 7 მინისტრის მოხსნამდე მათ პრემიერ-მინისტრი აძლევდა შენიშვნებს, მითითებებს, გაფრთხილებას...
ანუ, წესით, ამ მინისტრებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ 7 მინისტრი მაინც ძალიან ბევრია... თუ ჩვენ სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ცხელი ფაქტი უსამართლობის. ამ მინისტრებმა ჩვენი ჯიბეებიდან აიღეს ეს კოლოსალური პრემიები და როგორც თავად გვიმტკიცებდნენ, ღამეებს ათენებდნენ მუშაობაში და დამსახურებულადაც იღებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ გაწეული სამსახურისთვის არავის არ ხსნიან.
ესე იგი ისინი ცუდად აკეთებდნენ საქმეს, მაშ პრემიებს რაში იღებდნენ?! ჩემი აზრით, მარგველაშვილი არ არის ბარიკადებზე ამსვლელი კაცი, თუმცა მე მაქვს ამოუხსნელი კითხვა, - როგორ მოხდა, რომ მიშას პირმშო „ჯიპას“, რომელიც სააკაშვილმა და თემურ იაკობაშვილმა დააარსეს, რექტორი იყო მარგველაშვილი, რომელიც ამ ისტორიულ არჩევნებამდე 4 თვე ყოველ საღამოს იჯდა “მაესტროს“ ეთერში და ტყავს აძრობდა სააკაშვილსა და „ნაციონალებს“, ის მაინც „ჯიპას“ რექტორად რჩებოდა...
მაშინ, როცა წინა ხელისუფლების დროს დამლაგებელსაც არ პატიობდნენ გადაბრუნებული სიტყვის თქმას. მარგველაშვილს კი სააკაშვილის დროს ხელი არავინ ახლო. და ბოლოს, გეტვით, რომ მე საქართველოში გამოვრიცხავ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მარგველაშვილს მოსწონს კუდმოკვეცილი პრეზიდენტობა, კომფორტულად გრძნობს თავს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
„ალია“