
საკრებულოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თავმჯდომარის მოადგილის ორ პოსტზე ისევ "ქართული ოცნების" დეპუტატების დანიშვნა გააპროტესტა.
მისი თქმით, ასეთი ქცევით „ქართულმა ოცნებამ" ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა, რადგან სააკაშვილის დროსაც კი დემოკრატიულად და ზრდილობის გულისთვის ოპოზიციას რამე თანამდებობას შესთავაზებდნენ.
„ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თანამდებობების 100% აიღო. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები 100%-ით არ მოუგია. ასე რომ, საქმისთვის უფრო მართებული იქნებოდა, ოპოზიციისთვის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი მაინც შეეთავაზებინათ.
ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, სარევიზიო კომისიის არაფერი გამეგება, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ძალიან ცუდი და ძალიან დასანანია, პირველ რიგში „ქართული ოცნებისათვის“ და, ზოგადად, ქალაქისთვის, როდესაც საკრებულო ასე იწყებს მუშაობას", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში ერთპიროვნულ გადაწყვეტილების მიღებას თავიდან აიცილებენ, რადგან დედაქალაქი ისეთი პრობლემების წინაშე დგას, რომ მარტო „ქართული ოცნების“ იდეები ვერ გავა.