
ჩვენ არ ვიშურებთ ძალ–ღონეს, რათა უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს "საქართველოს ევროპული გზის" მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
"ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რომლებშიც გათვალისწინებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციები. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით ჩვენ დავასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზა. ამავე დროს, ჩვენ უკვე გადავედით გეგმის მეორე - განხორციელების ფაზის ზოგიერთ ელემენტზე.
ზოგადად, წარმატებული რეფორმები წამოწყებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა მიგრაციის მართვა, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება, აგრეთვე კორუფცია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრების მართვა", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება კომისიის გადაწყვეტილებაში, რათა შეძლებისდაგვარად სწრაფად გადავიდეს საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებაზე.
"არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა არ განიხილებოდეს გრძელვადიან ჭრილში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი პასპორტები მომხიბვლელი გახდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის - ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.