-
2014-07-10 17:20
ე.წ. "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეში ედუარდ შევარდნაძის როლზე ბევრს საუბრობდნენ. ზოგი გადაჭრით ამბობდა, რომ მან ამ მკაცრი განაჩენით მოსკოვს მოაწონა თავი, თორემ შეეძლო გადაერჩინა ბიჭებიო.
ზოგი ამბობდა, ვერაფერს შეცვლიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის ერთ-ერთი მონაწილის, სოსო წერეთლის დედა, ლეილა წერეთელი საუბრობს.
„სიკვდილისთვის ყველა ადამიანი მეცოდება, ბუნებრივია, შევარდნაძეც შემეცოდა... მიუხედავად იმისა, რაც მან გაუკეთა ჩემ შვილს და საერთოდ ჩემ ოჯახს, არასოდეს არ გამილანძღავს, ერთი აუგი სიტყვა არ მითქვამს მასზე.
ედუარდ შევარდნაძე ჩემ მეუღლეს, კოტე წერეთელს ხელისგულზე ატარებდა, ვინაიდან კოტე მსოფლიო დონის მეცნიერი იყო. ახლა ბევრი ამბობს, შევარდნაძეს ბიჭების განაჩენის შეცვლა შეეძლოო, მაგრამ ამის ასე თქმა ძალიან რთულია. მაშინ სულ სხვა დრო იყო და სულ სხვა სიტუაცია, მარტო შევარდნაძე ვერაფერს გადაწყვეტდა.
უამრავი სხვა ადამიანი იყო ჩართული, როგორც საქართველოში ისე რუსეთში, თუმცა იმის თქმა, რომ შევარდნაძის გარეშე მიიღებდა რუსეთი დახვრეტის გადაწყვეტილებას არ შეიძლება. სასამართლო პროცესებს მე არ დავსწრებივარ, რადგან ჩემი სოსიკო თვითმფრინავში დაიჭრა და სასამართლო პროცესებამდე გარდაიცვალა.
წელიწადი გაგრძელდა პროცესი. ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ, რომ მაინც შეიძლებოდა ამ ბიჭების გადარჩენა. მე სულ ვამბობდი, ჩემი შვილი ხომ გარდაიცვალა და ამ ბიჭებს ნუღარ დახოცავთ, მიუსაჯეთ 20, 25 ან თუნდაც 30 წელი, მაგრამ დახვრეტით ნუ დახვრეტთ-მეთქი, მაგრამ აბა მე ვინ დამიჯერებდა?! საბოლოოდ მაინც დახვრეტა გადაწყვიტა კომუნისტურმა მთავრობამ.
... როდესაც შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა და პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, მე და ჩემი მეუღლეც მიგვიწვიეს ცერემონიაზე. ბზობა იყო. ილია მეორემ ჩამოიარა და იქ მყოფთ ბზა და სანთელი დაგვირიგა.
მაშინ მივედი ედუარდთან და ვუთხარი: ბატონო ედუარდ, დღეს ყველას გვწამს და შეგვიძლია ეკლესიაში შესვლა და პირჯვრის გადაწერა, ხოლო ჩემი შვილი სწორედ ამას შეეწირა-მეთქი. გადააქნია თავი, მოვიდა ჩემ მეუღლესთან, ჩამოართვა ხელი და ჩემთან რეზიდენციაში მობრძანდით ამ დღეებშიო.
მართლაც რამდენიმე დღეში მოვიდა გამოგზავნილი მანქანა და მე და კოტე წავედით მასთან. როდესაც მივედით, ადგა ფეხზე, ხელი ჩამომართვა, ლოყაზე მაკოცა და ასეთი რამ თქვა: მე ბევრი კარგი გავაკეთე, შეიძლება ბევრი ცუდიც, მაგრამ ეს ისეთი რამ ჩავიდინე ("თვითმფრინავის ბიჭების" ამბავს გულისხმობდა), რომ ისე ჩავალ მიწაში, რომ ამას ზურგიდან ვერ მოვიცილებო...“ - ამბობს ლეილა წერეთელი.
http://www.kvirispalitra.ge/public/22245-qes-bavshvebi-sheitsira-komunisturma-rezhimma-da-ara-eduard-shevardnadzemq.html