-
2014-07-10 16:45
მერობის ორი კანდიდატის - ნარმანია-მელიას დებატებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი აფასებს.
მისი თქმით, დებატების მოგება-წაგება მეორე ტურის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.
„საერთო დებატებში მომეჩვენა, რომ თავისუფალი იყო ბატონი მელია, უფრო შემტევითობის პრინციპით ხელმძღვანელობდა, მაშინ, როცა შესაძლებელი იყო ნარმანია მეტად მომზადებულიყო კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მომეჩვენა, რომ ის ძალიან ღელავდა, ნაკლებად თავისუფალი იყო...
თბილისის მოსახლეობამ ზედმიწევნით კარგად იცის მთელი ამ წლების მანძილზე "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა. მე არ მგონია, რომ ნარმანიას დასჭირვებოდა შეხსენების უსტარი და ამომრჩევლისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, რას სჩადიოდა 9 წლის მანძილზე "ნაციონალური მოძრაობა".
ისე, მელიასთვის, რომელმაც მიიტანა დებატებზე ის დანაპირები, რომელიც გასცა "ქართულმა ოცნებამ" და ვერ შეასრულა, რადგან ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა და კარგად არის ამის შესახებ ინფორმირებული საქართველოს მოსახლეობა.
მელიას ერჩივნა მიეტანა კონკრეტულად ის სია, რაც, მისი აზრით, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა, რაზეც ის აკეთებს აპელირებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა წარმატებული პროექტები.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" იმდენი რამ არ გააკეთა და ზოგჯერ გააფუჭა, რომ ამომრჩეველს ისიც კი დაავიწყდა, რა გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რადგან მათმა სადამსჯელო პოლიტიკამ გადაფარა ნიკა, მელიას თქმით, მათი დადებითი პროექტები, რაც "ნაციონალების" დროს გაკეთდა.
თავდასხმითი დებატი ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობისთვის" მე ვფიქრობ, რომ წამგებიანია, რადგან 9 წლის განმავლობაში ისედაც თავდასხმის რეჟიმში იყვნენ. მელია, რომელიც თავდასხმის რეჟიმში იყო, ზოგ შემთხვევაში ცდილობდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა ნარმანიასთვის. მართალია, ნარმანია ამას მშვიდად ხვდებოდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ ღელავდა... “ - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
„ალია“