-
2014-07-10 16:22
„ალიას“ ინფორმაციით, „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული ბიზნესმენებისა და ამ პარტიის ლიდერთა ფარული შეხვედრის ინიციატორები ბიზნესმენები ყოფილან.
თავყრილობა წყნეთში, ერთ-ერთი ბიზნესმენის აგარაკზე გაიმართა და მას, დაახლოებით 20 მსხვილი ბიზნესმენი ესწრებოდა. „ნაცმოძრაობას“ კი გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და გია ბარამიძე წარმოადგენდნენ.
წყარო აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა მკაფიოდ და კატეგორიულად დაუფიქსირეს „ნაცების“ ლიდერებს, რომ ისინი მათი პარტიის დაფინანსებას აღარ აპირებენ და თუ რამე სიკეთე მიიღეს „ნაციონალთა“ ხელშეწყობითა და მფარველობით, ყველაფერი გადაიხადეს.
ბიზნესმენების ერთ ნაწილს უშუალოდ გივი თარგამაძისთვის უთქვამს, რომ ოფშორში დარეგისტრირებული კონკრეტული ქართული ბიზნესკომპანიების ანგარიშებზე „ნაცლიდერების“ კუთვნილი თანხები ინახება და ეს ფული დროულად გადაიტანეთ სხვა ანგარიშებზე, თორემ ავდგებით და ჩვენ მოვიხმართო.
ბიზნესმენებს ბოკერიას, თარგამაძისა და ბარამიძისთვის ასევე უთქვამთ, რომ კონკრეტულ „ნაციონალთა“ ოჯახის წევრებსა და მათ „ნათესავებს“ მათსავე კომპანიებში რომ აქვთ წილები ხელშეუხებლობის სანაცვლოდ და სოლიდურ დივიდენდებსაც იღებდნენ, ყველა ასეთმა ადამიანმა თუ უარი არ განაცხადა საკუთარ წილზე, მაშინ ისინი გიორგი კაპანაძის გზას დაადგებიან და სამართალდამცველებთან ითანამშრომლებენ.
შეხვედრის ბოლოს გამწვავებულა სიტუაცია, რადგან გივი თარგამაძეს სულ მოღალატეები და ორგულები უძახია ამ ხალხისთვის, თუმცა ბიზნესმენებს თარგამაძე მალევე გაუნეიტრალებიათ.
უთქვამთ, მოღალატეები თქვენს პოლიტიკურ გუნდში მოიკითხეთ, ორგულები ისინი არიან, საპარლამენტო არჩევნები როცა წააგეთ, მეორე დღესვე რომ გიგანეს და „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ, ჩვენ კი იმ არჩევნებიდან წელიწადისა და 8 თვის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც კი დაგიფინანსეთ, მეტი რაღა ერთგულება გინდათო?“, - წერს გაზეთი „ალია.