-
2014-07-10 15:47
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობის პერიოდს და იმ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ჟურნალისტებთან უხდებოდა მუშაობა.
„საკმაოდ მომთხოვნი იყო. ხშირად ემოციურიც გახლდათ, გაბრაზებაც სჩვეოდა...
თუ რომელიმე ახალგაზრდა თანამშრომელი მოახსენებდა, რომ ესა თუ ის ინფორმაცია გამოქვეყნდა, ის აუცილებლად ჰკითხავდა: შენ რას ფიქრობ, ამის უკან რა დგას? ის თანამშრომელი თავის აზრს ეტყოდა. ეს კი მადლობას გადაუხდიდა. ეს გათამაშება არ იყო. მას მართლა ყოველთვის აინტერესებდა სხვისი აზრი...
ერთ ამბავსაც გავიხსენებ: ერთ დილას, 8 საათზე „როიტერის“ აქაურმა კორესპონდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ შევარდნაძესთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა...
ცენტრიდან დავალება ჰქონდა მიღებული. თურმე რეიგანი სიკვდილის პირასაა და „როიტერმა“ მთელს მსოფლიოში თავის კორესპონდენტებს მოსთხოვა იმ ადამიანებთან ინტერვიუს ჩაწერა, ვისაც რეიგანზე რამის თქმა შეეძლო.
საქართველოში შევარდნაძესთან ინტერვიუ მოუთხოვიათ. თან დასძინა, რომ ყველაფერი სასწრაფოა, რადგან როცა რეიგანი გარდაიცვლება, ინტერვიუები მაშინვე ეთერში უნდა გავიდესო...
დილის 8 საათზე შევარდნაძესთან დარეკვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხრის ნახევარზე უკვე სამსახურში იყო ხოლმე? სხვა გზა არ მქონდა, დავურეკე. ჯერ უარი თქვა, რადგან ინტერვიუების მიცემა არ უყვარდა. სულ ამბობდა, ჟურნალისტები მაცდენენო.
როგორც იქნა დავითანხმე და ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, მის კაბინეტში კამერებით შევედით. რეიგანის ბრწყინვალე პორტრეტი შექმნა. საუბარი რომ დაამთავრა ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე ჟურნალისტმა დაარღვია დუმილი და უთხრა, - ისეთი აღფრთოვანებული ვარ, ვნახე სხვების ჩანაწერები და ვერც ერთი მათგანის ინტერვიუ ვერ მოვა თქვენს ინტერვიუსთანო.
– რა გვეშველება მერე? - იკითხა შევარდნაძემ.
– რატომ რა გვეშველება - გაოცდა ჟურნალისტი.
– რომ არ მოკვდეს რეიგანიო?
ასე აგიხდეთ ყველაფერი. რეიგანმა კიდევ რამდენიმე წელიწადს იცოცხლა.
შევარდნაძეს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ნებისმიერ სიტუაციაში ხუმრობდა... ჩხუბითა და დავიდარაბით დავითანხმე, რომ გერმანელი ჟურნალისტისთვის ინტერვიუ მიეცა.
ოთახში საკმაოდ ახალგაზრდა, ყურში საყურეგარჭობილი ბიჭი შემოვიდა. ამაზე გადაირია, ამას რა ინტერვიუ უნდა მივცე, საბავშვო ბაღშია წასაყვანიო, მაგრამ ბიჭმა ისეთი შეკითხვები დაუსვა, გადაირია. შევახსენე, თქვენ ინტერვიუსთვის 10 წუთი გაქვთ-მეთქი. არა, დამაცადე, ეს კარგი ინტერვიუაო, მითხრა.
ამ ჟურნალისტთან თქვა ის, რაც სხვასთან არასოდეს უთქვამს. მან ჰკითხა, საბჭოთა კავშირის დაშლა თუ გინდოდათო. ასე, როგორც ახლა მოხდა, არ გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა დემონტაჟი და ნელ-ნელა გადაყვანა იმისკენ, ევროპული რომ ჰქვია. ელცინმა კი ამის საშუალება არც გორბაჩოვს მისცა და არც მეო, უპასუხა. ეს მისთვის არასდროს უკითხავთ“, - გაიხსენა საყვარელიძემ.
„გზა“