-
2014-07-08 18:04
ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური თოქშოუს წაყვანის თაობაზე ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ პროექტი არ შედგეს.
მისი თქმით, უკვე არსებული ფორმატების თოქშოუს წამყვანად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ვერ წარმოუდგენია.
„ვიცი, როგორ იღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს. ის სერიოზულ, ფუნდამენტურ ანალიზს აკეთებს და მხოლოდ ამის შემდეგ დგამს ნაბიჯებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ არსებული ფორმატის პოლიტიკურ თოქ-შოუებზე და მათ ფორმატებზე, მე, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია წამყვანის პოზიციაზე მისი ყოფნა.
ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია. იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ მას რაღაც სრულიად ახალი აქვს მოფიქრებული... მე მაინც გამიჭირდება საბოლოო დასკვნის გაკეთება. რაც შეეხება რეიტინგს, ის გარანტირებულია, თუმცა თუ გადაცემა არ იქნება სიცოცხლისუნარიანი და საინტერესო, მაყურებელს მობეზრდება...
ვფიქრობ, შეცდომა იქნება, თუ ეს იქნება ჩვეულებრივი თოქ-შოუ, უკვე არსებული ფორმატის. ეს არ იქნება სასარგებლო ბევრი გაგებით... იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პროექტი არ შედგეს. ოქტომბრამდე კიდევ არის გარკვეული დრო და დაველოდოთ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
http://frontnews.ge/