
საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარნაძე 87 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა. საინტერესოა გავიხსენოთ, როდის გამოჩნდა ის პირველად სამეგრელოში, მას შემდეგ რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა.
„არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ედუარდ შევარდნაძის გარდერობში თვალსაჩინო ადგილი ეჭირა ერთ პიჯაკს, რომელიც საშინლად დალაქული იყო და თუ ნაჭერს დაყნოსავდი, ლაყე კვერცხის მძაღე სუნიც გეცემოდა. ლეგენდის თანახმად, ეს იყო პიჯაკი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს ეცვა, როცა ის, სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველად, სამეგრელოში ჩავიდა.
მაშინ ედუარდ შევარდნაძის ვერტმფრენი ზუგდიდში ვერ დაჯდა და წალენჯიხაში დაეშვა. იქიდან შევარდნაძე ზუგდიდში ჩავიდა. შეხვედრები მოსახლეობასთან მძიმე იყო როგორც წალენჯიხაში, ასევე ზუგდიდში. ედუარდს დაცავამ ვერ უშველა და ორივე რაიონში შეკრებილი ხალხის მიერ საგულდაგულოდ მომარაგებული ლაყე კვერცხებიდან რამდენიმემ მის პიჯაკზე გაადინა ტყაპანი.
ლეგენდის მიხედვით, ედუარდ შევარდნაძე ამ პიჯაკს რეზიდენციაში ინახავდა და მას შემდეგ, რაც სიტუაცია, ასე თუ ისე, დალაგდა, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს აჩვენებდა, - აი, ასე დამხვდა პირველ ჩამოსვლაზე ხალხი სამეგრელოში, ახლა კი სიმშვიდე და სიწყნარეაო.
პიჯაკის შენახვა ედუარდ შევარდნაძეს თავად დაუჟინებია და სახელდახელოდ მოუთხოვია, რომ იგი არ გაერეცხათ და ისეც არ გაეწმინდათ, რომ ლაყე კვერცხის სუნი გამქრალიყო. მართალია, ამ პიჯაკის ფოტო არავის უნახავს და ამაზე არც ქართულ, არც უცხოურ პრესაში დაწერილა, მაგრამ კულუარებში ამბობენ, რომ პიჯაკი ნამდვილად არსებობდა“, - წერს „ქრონიკა+“.