
პრეზიდენტის განკარგულებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ივლიანე ხაინდრავა დაინიშნა. ხაინდრავა რესპუბლიკური პარტიის წევრია.
ივლიანე ხაინდრავა 1992-1995 და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამეტის წევრი იყო. საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ევროინტეგრაციის კომიტეტის, აფხაზეთის საქმეთა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიების, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში "რესპუბლიკური ინსტიტუტი" და "განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი – პლურალიზმის ცენტრი", იყო რეიგან–ფასელის დემოკრატიული კვლევების პროგრამის მოწვეული მკვლევარი (დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმი, ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის, ვაშინგტონი, აშშ). 2012 წლიდან - საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის გამგეობის წევრი.