
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის, მეტსახელად ,,რემენას“ საქართველოში დეპორტაციისა და თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის საქმეზე ვიცეპრემიერის კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ჩანს საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების თანამშრომლობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ირმა ნადირაშვილმა, საქართველოს კანონმდებლობის უხეშად დარღვევის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა. მისი თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ყველა ინფორმაცია, თბილისის აეროპორტის არსებული კამერების ჩანაწერები და დასაჯონ დანაშაულის ყველა მონაწილე.
ირმა ნადირაშვილის თქმით, რომან ბარბაქაძე აეროპორტის ტერიტორიიდან S-კლასის მერსედესით (სახელმწიფო ნომრებით ZQZ-222) გაიყვანეს, რომელიც მოქალაქე მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის მფლობელობაში იმყოფება.
მისი ინფორმაციით, მარინა დოლიძე “პროგრეს-ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ილია კეჭაყმაძის მეუღლეა. კეჭაყმაძე ასევე არის ,,კალა კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შ.პ.ს “კალა კაპიტალის” დირექტორი.
ვიცე-პრემიერი კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ე.წ. ,,კანონიერი ქურდის“ აეროპორტიდან გაპარების შესახებ სისულელეს უწოდებს: “სისულელეა, არ ვიცი, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.