
როგორც „ალია“ წერს, ქართული ეკლესია ჩვენი პოლიტიკოსებისთვის მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება იყო და დღესაც ასეა.
„ალიასთნ“ საუბარში გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ ხალხის აზრის უგულებელყოფამ, ისეთმა საქციელმა, რასაც უნდოდათ, იმას რომ აკეთებდნენ, ბევრი არაფერი მოაგებინა „ნაცმოძრაობას“ და არც „ოცნებას“ მოუტანს კარგს არაფერს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაცმოძრაობამ“ პირველ-მეორეზე გაითვალა და ზოგი უმცირესობაშია და ზოგი - უმრავლესობაში. „რესპუბლიკელების“ ეკლესიის მიმართ ანტიპათიური დამოკიდებულება ხომ ყველასთვის ცნობილია.
კოალიციის დანარჩენ წევრებსაც შეხედეთ, თუნდაც, „თავისუფალ დემოკრატებს“. ჯერ „ნაციონალებთან“ იყვნენ, ახლა „ქართულ ოცნებაში“ არიან... დღეს ხელისუფლებას სრულად აკონტროლებენ ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლობა არის პრობლემა და მის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ხომ არ გეცნობა ეს რიტორიკა?
ამათ 9 და 10 წელი აღარ დასჭირდებათ, ასე თუ გააგრძელეს, ხალხი ძალიან მალე მოიცილებს. ეკლესიის წინააღმდეგ მიდის რამდენიმე ფრონტიდან ბრძოლა.
ერთ დროს მეც ვამბობდი, რა მოხდა, უცხოელი თუ მიწას იყიდის, ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და თან ხომ არ წაიღებს-მეთქი. კი, ზურგზე მიწის მოკიდებაც შეიძლება, რადგან უცხოელები მიწას რომ ყიდულობენ, ნაყოფიერ ფენას ჭრიან, ის მიაქვთ უცხოეთში და ყიდიან. ნაყოფიერი ფენა რომ წარმოიშვას, ამას ათეულობით წელი სჭირდება.
ის უცხოელი გიტოვებს გამოფიტულ მიწას. ვინც ამის ნებას აძლევს უცხოელებს, ის დამნაშავეა, ეს არის ქვეყნის მტრობა, ქვეყნის დაღუპვა და ამას ბევრი ლაპარაკი რად უნდა? რაც არ უნდა გულზე მჯიღი იცენ და პატრიოტული განცხადებები აკეთონ ხელისუფლების ლიდერებმა, ეს ერთი ფაქტიც საკმარისია, რომ მათი ერთი სიტყვაც კი არ დაიჯეროს ხალხმა. მთავრობაში რომ არაკომპეტენტური ხალხია, ესეც არის ამის მიზეზი, მაგრამ ეს კომპეტენტურიც რომ არ სჭირდებათ?
არ ეძახიან არავის და ჭკუას არავის ეკითხებიან, თავისით ჭრიან და კერავენ ყველაფერს და რა გამოუდით, კი ვხედავთ. მიწა, წყალი და ბუნებრივი საბადოები არის საერთო სახალხო კუთვნილება და მათი გაყიდვა არ შეიძლება. არის რაღაც საერთო სიკეთეები, რომელთა გაყიდვის უფლებაც არავის აქვს.
დასკვნის სახით კი იმას ვიტყვი, რომ "ქართული ოცნებაც" "ნაცმოძრაობის" გზით მიდის და ისიც უფსკრულში აღმოჩნდება. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან ბევრ მომხრეს დაკარგავენ, ასე თუ გააგრძელეს. უკეთესობის იმედს კი ვერ ვხედავ, რადგან თავად ხელისუფლება არ არის მოწადინებული, რაიმე შეცვალოს“- განაცხადა ნანა დევდარიანმა.
„ალია“