-
2014-06-30 11:28
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, სექტემბერში ახალი პოლიტიკური პარტია იქმნება, რომელსაც სათავეში ადვოკატი დავით ერისთავი ჩაუდგება. ერისთავი პარტიის პრეზენტაციას ოფიციალურად ადასტურებს, თუმცა, ვინ იქნებიან პარტიის წევრები, თავად არ ასახელებს.
„როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მაჭავარიანი იქნება ერთ-ერთი სახე იმ პარტიისა, რომლის პრეზენტაციაც სექტემბერშია დაგეგმილი. ახალ პარტიას ოფიციალურად იურისტი დავით ერისთავი უხელმძღვანელებს და ის პრეზიდენტ მარგველაშვილის მთავარი დასაყრდენი იქნება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
ვანო მაჭავარიანის გარდა, შესაძლოა პრეზიდენტთან ასოცირებულ პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე სახე და საექსპერტო წრეების ის წარმომადგენლებიც ვიხილოთ, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ.
მაგალითად, შესაძლოა ახალ პარტიაში ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც დავით ერისთავთან ახლო მეგობრობა და ნათელ-მირონი აკავშირებს. ვინ არის დავით ერისთავი? ადვოკატთა კორპუსში, მას კვალიფიციურ იურისტად ახასიათებენ, თუმცა იქვე, წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადვოკატად ასახელებენ.
თავის დროზე ერისთავს მისივე კოლეგა და დღევანდელი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია მწვავედ აკრიტიკებდა. ბესელიამ მას ადვოკატთა ეთიკის კომისიაშიც კი უჩივლა. კოლეგების გაღიზიანება, ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმეზე დავით ერისთავის განცხადებამ გამოიწვია. ასეა თუ ისე, დავით ერისთავი პარტიის პრეზენტაციას ოფიციალურად ადასტურებს.
გახდება თუ არა ეს პარტია გიორგი მარგველაშვილის დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის საფუძველი და იქნება თუ არა ერისთავის გვერდით მისივე მეგობარი ნიკა მელია? ამ კითხვებს პასუხი სექტემბრის შემდეგ გაეცემა“, - წერს „პრაიმტაიმი“.