-
2014-06-29 23:55
ანაკლიაში, საარჩევნო უბანთან, სადაც დღეს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, "ქართული ოცნების" წევრმა გამარჯვების აღსანიშნავად ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეთა პროტესტი და დაპირისპირება მოჰყვა. "ქართული ოცნების" წევრები დააკავეს.
ინციდენტი ანაკლიაში, 32-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის უფროსის მოადგილე ვალიკო აბსანძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გამარჯვების აღსანიშნავად გაისროლა, რასაც საარჩევნო უბანთან შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა პროტესტი და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორივე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შორის.
ნაცემია "ქართული ოცნების" წევრი მაკა კოდუა. ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა სცემეს. ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს ვალიკო აბსანძე, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მესამე ნომერი გოგა ღადუა და კოალიციის აქტივისტი გოგა ლუკავა. ანაკლიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა "ქართული ოცნების" წევრი მაკა კოდუა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამივე დაკავებული სამართალდამცველების მიერ არის ნაცემი. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს გრიგოლ ბესელიას.
ანაკლიის 32-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა ელგუჯა ესართიამ 58 ხმით გაიმარჯვა. მის გარდა მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გელა ლემონჯავა და "ლეიბორისტული პარტიიდან" ანა ხაბეიშვილი იყრიდნენ. შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში 15 ივნისს არჩევნები 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედამ ცირა აბულაძემ ჩაშალა.
"ლაივპრესის" მიხედვით