
პრაღაში 9 ივლისს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრამდე, 7 ივლისს ქართული და რუსული მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან, რათა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით მომხდარი ცვლილებები განიხილონ.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
შერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის კონსულტაციებისთვის, მათ შორის ქართველ კოლეგებთან, რადგან სავაჭრო ურთიერთობა რუსეთს უკვე საქართველოსთანაც აქვს.
ლავროვის თქმით, რუსეთი ამ ვითარებას დააკვირდება ერთადერთი კრიტერიუმით - რამდენად გაურესდება სავაჭრო პირობები რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში რჩებიან.
მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ლავროვის განცხადებაში ახალი არაფერია და რუსეთტან ასეთი საკონსულტაციო შეხვედრა უკვე დაგეგმილია:
"ეს უკავშირდება რა თქმა უნდა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველო გადაჰყავს სულ სხვა რეჟიმში, ეკონომიკის და ვაჭრობის მხრივ. ლავროვის განცხადება ახალი არ არის და შესაბამისად, უკვე დაგეგმილია ასეთი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 7 ივლისს პრაღაში.
9 ივლისს კი გაიმართება ბატონ ზურაბ აბაშიძის და ბატონ გრიგორი კარასინის შეხვედრა. მანამდე, ექსპერტების დონეზე მოხდება პოზიციების შეჯერება იმ ახალი რეგულაციების, რომელიც საქართველოსთვის იხსნება და მათი თანხვედრა იმ თავისუფალ რეჟიმთან, რომელიც საქართველოს აქვს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან.
ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, რომელიც ძალიან კარგია, რომ გაიმართება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.