
ცოტა ხანში მომეცემა საშუალება ჩემი მადლიერება გადავცე გერმანიის კანცლერსა და მასთან ერთად განვიხილო თანამშრომლობის გზები, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყნებს და, მეორე მხრივ, საქართველოს, ევროკავშირსა და ნატოს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონრად ადენაუერის ფონდს ინიციატივისთვის და კონფერენციის მონაწილეებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია.
მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ამოქმედდა ადამიანის უფლებათა ახალი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ცვლილებები განხორციელდა საგანანმანათლებლო სფეროში, ჯანდაცვაში, მიღწეულია წინსვლა თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.
"ამ რეფორმების პროცესის წყალობით საქართველომ ცხადყო, რომ ის არის გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს სტაბილური, სანდო და დემოკრატიული პარტნიორი. ჩენი მიზანია, გავხდეთ კონსტრუქციული მხარე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე აქტიურად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
კონფერენციაში -"საქართველოს ევროპული გზა" დიპლომატები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და ქართველი სტუდენტები მონაწილეობდნენ.