
სეიხან მუზაევი, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მოქმედი ძალოვნები მისგან ლაფანყურის საქმეზე ცრუ ჩვენების მიღებას ცდილობდნენ, უარის გამო კი ქვეყნიდან გასვლის უფლებას, სრულიად უკანონოდ, არ აძლევენ, 15 მაისს, დილის 7 საათზე თბილისის აეროპორტიდან თურქეთში გაფრენას შეეცდება.
სეიხან მუზაევის საკითხი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა წამოსწია.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მუზაევი შარშან ახმეტაში სრულიად უკანონოდ დააკავეს და თბილისში ჩამოიყვანეს. უშიშროების თანამშრომლები მისგან ცრუ ჩვენების მიღებას ცდილობდნენ. დეპუტატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მუზაევის წინააღმდეგ არავითარი საქმე არ არის აღძრული და მას არც ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს, ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ. ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.