
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ ჩვენებების უკანონოდ მოპოვებაზე საუბრობს ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევი. „პირველი რადიოს“ პრესკლუბში მან სკანდალური ფაქტები გაასაჯაროვა.
„მეუბნებოდნენ, რომ ჩემთვის უცნობი პირების ამირიძის, ლორთქიფანიძის და მაისურაძის წინააღმდეგ ჩვენება უნდა მიმეცა, თითქოს ისინი იყვნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დამგეგმავები და შემსრულებლები. მინდა განვაცხადო, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობ და პირადად მე ლაფანყურის ოპერაციასთანაც არ მქონია შეხება“.
„ის ადამიანი, რომელიც გამეცნო, როგორც გიორგი, უხეშად მომმართავდა და მითხრა: „შენ ხომ რუსეთიდან ხარ გამოქცეული და რუსეთს გადაგცემთ, ან აქვე, ლარსზე გადაგიყვანთ და რუსები მოგხედავენო... როცა ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო ჩემი არც დეპორტირება და არც ასეთი მეთოდებით დაშინება, მან მითხრა, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, შენ და შენს ოჯახს კონკრეტული პრობლემები შეგექმნებათო“.
მუზაევის თქმით, სამართალდამცველებს მსგავსი საუბარი მასთან არაერთხელ ჰქონდათ. ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ სამსახურის, მოქალაქეობისა და თავისუფლების დაკარგვით ემუქრებოდნენ. პირველად რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთერთ შენობაში მიიყვანეს, დროდადრო კი ე.წ. მოდულის შენობაში „აკაჩავებდნენ“:
„დღემდე არ მაქვს წარმოდგენა, მაინცდამაინც მე რატომ ამომიჩემეს. ვხვდები, რომ ჩემი მეშვეობით მათ თავიანთი პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტა უნდათ და სურთ, ვინმე დაიჭირონ. ჩემთან საუბარს ყოველთვის ასე იწყებდნენ – ლაფანყურში შენი თანამემმაულეები დახოცეს და ვალდებული ხარ, მათ დაჭერაში მოგვეხმაროო“.
მუზაევი ამბობს, რომ ოფიციალურად ის არც ეჭვმიტანილია და არც მოწმის სტატუსი აქვს. მან ის პირიც ამოიცნო, რომელიც მის არაოფიციალურ დაკითხვებს აწარმოებდა. მისი თქმით, ის კონტრდაზვერვის თანამშრომელი ვალერი ზუმბაძეა.
საიხან მუზაევი ამბობს, რომ ქართული სპეცსამსახურების მხრიდან მუქარის შედეგი საკუთარ თავზე უკვე იწვნია: ის ლონდონში სასწავლებლად აპირებდა წასვლას, მაგრამ აეროპორტის სასაზღვრო ნაწილში ამის ნება არ დართეს. მუზაევი ამბობს, რომ მას პრეტენზია არა აქვს მესაზღვრეებთან, რომლებიც სპეცსამსახურებს დაუკავშირდნენ და მისი მონაცემები გადასცეს, იქიდან კი მოვიდა პასუხი, რომ არ გაეშვათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მუზაევმა სამჯერ უარის მიღების შემდეგ სახალხო დამცველს მიმართა, სახალხო დამცველის აპარატმა კი შსს–ს გაუგზავნა სეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე ეუბნებიან უარს მუზაევს ქვეყნის დატოვებაზე. პასუხი ჯერ არ არის – ამისთვის ვადა ათი სამუშაო დღეა.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მუზაევის განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მის არაოფიციალურ დაკითხვებს გულისხმობს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასაც მიმართა.
მომზადებულია 16 იანვარს „რუსთავი2“–ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის მიხედვით