
მთავრობა NDI-ს კვლევებს არ ენდობა. მინისტრთა კაბინეტის წევრები ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ამ ორგანიზაციისთვის ჩრდილის მიყენება, მისივე ხელმძღვანელის ლუის ნავაროს ,,დამსახურებაა“. კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მოღვაწეობა საქართველოში ცალსახად ტენდენციურია.
,,ბოლო წლების განმავლობაში, არაერთხელ გამხდარა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები სპეკულირების საგანი, რამაც სერიოზული ჩრდილი მიაყენა ამ ორგანიზაციას და მე ვფიქრობ, ეს დიდწილად მისი ადგილობრივი ხელმძღვანელის ბატონი ნავაროს დამსახურებაა.
საქართელოში ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად ჩანს რომ ტენდენციურია და ისიც საინტერესოა, რომ ბატონ ნავაროს ახლა გაახსენდა მოსმენები საქართველოში, 9 წლის განმავლობაში მას, ამ მიმართულებით ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია“- განაცხადა კახა კალაძემ.