-
2014-03-31 22:57
„ფოქს ნიუსში“ ჩართვისას აშშ-ის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ათასობით ჯარისკაცის თავმოყრის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს სამხედრო ძალების მობილიზებას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში.
როჯერსმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი გეგმავს თავს დაესხას საქართველოსა და სომხეთს, რათა შექმნას პირდაპირი ხიდი ირანთან.
„მათ გადააქვთ თავიანთი საბრძოლო ტექნიკის ყველაზე საუკეთესო ნაწილი სამხრეთ ოსეთში“ - ამბობს როჯერსი - „არ არსებობს ამის გაკეთების მიზეზი. საქართველოს არმია არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს. ეს, უდაოდ, შემაშფოთებელია“.
რუსეთისგან გასაკვირი არ იქნება, რომ ის ეძებდეს პირდაპირ დამაკავშირებელ გზას ირანთან, გამარტივებული სავაჭრო მარშრუტის შესაქმნელად. ორივე ქვეყანა შეზღუდულია საერთაშორისო სანქციებით, რუსეთი კი მალე იწვნევს საკუთარ თავზე იმ სანქციების ძალას, რომელიც მას ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავების გამო დაუწესდა.
პუტინსა და ობამას შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც პუტინმა ყირიმში საკუთარი მოქმედებები ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით გაამართლა, ექსპერტთა ნაწილისათვის პუტინის უკანდახევის მაუწყებელია, მაგრამ როჯერსი აცხადებს, რომ პუტინი უკანდახევას არ გეგმავს.
როჯერსმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან ათი ათასობით რუსი ჯარისკაცი იმიტომაა თავმოყრილი, „საჭიროების შემთხვევაში“ უკრაინის მიმართულებით განაგრძონ სვლა, რადგან სხვა დანიშნულება მათ არ გააჩნიათ.
„ეი-ბი-სის“ ეთერში რუსეთის ელჩმა ამერიკაში, სერგეი კისლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ყირიმიდან ჯარების გაყვანას, რადგან ის უკვე რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენს.
„ყირიმში არსებობდა ადგილობრივთა დემონსტრაციული სურვილი, შეერთებოდნენ რუსეთის ფედერაციას“ - ამბობს კისლიაკი. თუმცა მან ასევე დაამატა, რომ რუსეთი არ აპირებს დაარღვიოს უკრაინის საზღვრები, ხოლო ყირიმზე რუსული ძალების თავმოყრა გაამართლა იმით, რომ ჯარი მხოლოდ სასწავლო წვრთნებს გადის.
მოამზადა ბექა ბერულავამ