
„რუსთავი–2“–ის პროგრამა „პოსტსკრიპტუმმა“ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა. თენგიზ გოგოტიშვილი არკვევდა, რა შეუსაბამობებია იმ ვერსიაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს და ცდილობდა დაედგინა, იყო თუ არა ზეწოლა აწ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე.
„აფხაზეთის ხმა“ ამ სიუჟეტის ტექსტს გთავაზობთ. მასალას ეთერში გასული სიუჟეტი მოგვიანებით, ვიდეოს სახითაც მიებმება.
ახალ სიკვდილს წინ სამი სიკვდილი უძღოდა. 2006 წელს ნავთლუღის ავტოსადგურში დაღუპული სამი ახალგაზრდის თითქოს გამოძიებული საქმე ორიოდ კვირის წინ თავიდან გაიხსნა. ოღონდ გაიხსნა თავდაპირველის საპირისპირო ვერსიით.
პროკურატურა: „უიარაღოები დახოცეს“
ამ დროისთვის პროკურატურას უკვე ჰქონდა ორი ჩვენება, რომელიც ახალ ვერსიას ამყარებდა. ერთი მოწმე მოვლენათა უშუალო მონაწილე იყო - კუდის სპეცრაზმის მეთაური შალვა თათუხაშვილი, რომელიც თელეთის სასაფლაოზე გუშინ დაკრძალეს.
მეორე მოწმე, გია გორგაძე, რომელიც 2006 წელს პატიმარი იყო და რომლის ძმაც კუდის ოპერაციის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა, პოლიციელთა წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად უფრო ლოგიკურ კანდიდატად ჩანდა.
მისცა კიდევაც, მაგრამ შემდეგ გადათქვა და 13 მარტს პრესკონფერენცია მოიწვია, რომ მოეყოლა, როგორ აიძულებდნენ ხელი დაედო კუდის იმდროინდელ უფროსზე, დათა ახალაიასა და ოპერაციის სხვა მონაწილეებზე. ოღონდ გორგაძეს ამის საჯაროდ სათქმელად ზუსტად 50 მეტრი და 3 წუთი არ ეყო - იგი პირდაპირ დარბაზის შესასვლელში დააკავეს.
ორი კვირით ადრე კი, 24 თებერვალს, პროკურატურამ შალვა თათუხაშვილი დაკითხა. სახლში მოსულმა ძმას მოუყვა, რომ დაკითხვაზე მისულს მაგიდაზე ორი გამზადებული ჩვენება დახვდა. ვერსიით, დაღუპულებს იარაღი არ ჰქონიათ და პოლიციელებმა ისინი ჯერ დახოცეს, შემდეგ კი დათა ახალაიამ და ლევან ქარდავამ საკონტროლო ტყვიები მიბრჯნით ესროლეს.
"მეუბნებოდნენო, რომ იქ რა მოხდა, საერთოდ არ გვაინტერესებსო, ან ამას მოაწერ ხელს, ან ამასო. ერთ ჩვენებაზე ხელმოწერით 10 წლის სასჯელს მოგცემთ და ამნისტიით გამოხვალო, მეორით კიდე – სამუდამო პატიმრობას და შენი ოჯახის წევრები სად და როგორ მოკვდებიან, ციხეში გაიგებო", – შალვა თათუხაშვილის ძმა, მიხეილი.
(კადრები, რომელიც პირველად გადის ეთერში)
ეს არის კადრები, რომელსაც ტელემაყურებელი პირველად ხედავს. გადაღებულია სოფელ არცევში 2008 წლის აგვისტოში, ხანმოკლე შესვენების დროს. ერთი რამ აშკარად ჩანს - თათუხაშვილი და ახალაია ახლო მეგობრები და თამებრძოლები იყვნენ.
შალვა თათუხაშვილის დაკრძალვის დღეს პროკურატურამ მისი ჩვენებების ნაწილი გამოაქვეყნა. ოღონდ მაინცდამაინც იმ დაკითხვისა, რომელსაც ადვოკატი არ ესწრებოდა. უცნაურობათაგან სხვაზე მეტად ერთი პასაჟია თვალშისაცემი. ის, სადაც გარდაცვლილი პროკურატურაში დაკითხვის სამკურნალო ეფექტზე საუბრობს:
„ჩემი დაკითხვის დროს რაიმე სახის ზეწოლას, ძალადობას, მუქარას ადგილი არ ჰქონია... ხსენებული სპეცოპერაციის დროს ნანახი ამ ხნის განმავლობაში მძიმედ მქონდა მეხსიერებაში აღბეჭდილი. რაც ჩემში იწვევდა სტრესულ მდგომარეობას. ხოლო ჩვენების მიცემის შემდეგ მე სტრესისგან სრულიად განვთავისუფლდი“.
11-საათიანი დაკითხვის ბოლოს შალვა თათუხაშვილმა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას ხელი მოაწერა. პოლიციელებმა იგი გამთენიისას სახლში მიიყვანეს. რძალი, რომელმაც შალვას ნახვა მოასწრო, მის შიშს იხსენებს. უმთავრესად ბავშვების გამო, რომლებიც, ყოფილი სპეცრაზმელის მონაყოლით, დაკითხვისას ბევრჯერ უხსენეს.
"მეუბნებოდნენო რო ჩათვალე, რომ არ იქნებიო: მაინც დაკარგული ხარ და სადმე გადაგაგდებთ, მერე თვითმკვლელობას დავაბრალებთო...", – იხსენებს ძმა, მიხეილი.
დაკითხვიდან დაბრუნებული შალვა თათუხაშვილი ერთ საათში ისევ გაქრა. ახლობელთა ძებნას შედეგი არ ჰქონდა. მამამ პროკურატურას „ფეისბუქით“ მიმართა:
შალვა თათუხაშვილის მამას საქართველომდე ხმის მოწვდენის სხვა საშუალება არ ჰქონდა, რადგან 2012 წლის შემდეგ საფრანგეთს არის შეფარებული. გენერალი გოგი თათუხაშვილი ვარდების რევოლუციის პერიოდში სააკაშვილის პირად დაცვას ხელმძღვანელობდა. შემდეგ დაინიშნა ჯერ შინაგანი, შემდეგ სახმელეთო ძალების სარდლად. მაგრამ იმდროინდელ სამხედრო ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, 2006 წელს გადადგა.
გენერალ თათუხაშვილს პროკურატურამ არ უპასუხა. არ უპასუხა არც მის ოჯახს. სამაგიეროდ, შალვა თათუხაშვილის გაუჩინარების დღესვე, 25 თებერვალს შუაღამეს შეეხმიანა უმცროს ძმას, მიხეილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იგი სამსახურში ხელმძღვანელთან გამოიძახეს, სადაც შალვას საქმის წარმმართველი ორივე პროკურორი დახვდა. მას ტელეფონი ჩამოართვეს და დაკითხეს, თუმცა ოქმი არ გაუფორმებიათ.
„შენ ახლა აზრზე მოგიყვანთო“
2-საათნახევრიანი ღამის დაკითხვიდან გამოსულმა მიხეილ თათუხაშვილმა დილით სამსახურის დატოვების პატაკი ჩააბარა. მისი ძმის ძებნა გაგრძელდა, თუმცა კვალს სამი კვირის განმავლობაში ვერავინ მიაგნო, სანამ მარტის შუა რიცხვებში უეცრად არ გამოჩნდა. ოჯახს დღესაც არ სჯერა ვერსიის, რომელიც შალვა თათუხაშვილმა ხელმოწერით დაასაბუთა - დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემისთვის მის ახლობლებს ჩემთვის რამე რომ არ დაეშავებინათ, მოქმეთა დაცვის პროგრამას არ ვენდე და თებერვლის თვეში ტყეში წავედიო.
„აღნიშნულ ტყეში მე გავაკეთე სამალავი. ღამე ვფხიზლობდი, ხოლო დღისით მეძინა“. სხვა რამ უთხრა ადვოკატს. ირაკლი ზაქარეიშვილის გადმოცემით, თათუხაშვილმა მას წამებისა და 3-კვირიანი დაკარგვის ისტორია დეტალებში მოუყვა.
შალვა თათუხაშვილი სახლში გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, მიზეზი გულია, თუმცა ოჯახს ამას რთულად დააჯერებ. მით უფრო, რომ სპეცრაზმის ყოფილი მეთაური საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მოკრივე იყო. მისი სხეულის დაზიანებები ოჯახის წევრებმა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს. ადვოკატის მიერ ფოტოების გამოქვეყნებას პროკურატურის საგანგებო განცხადება მოჰყვა.
ექსპერტიზის დასრულებასთან ერთად გამოძიებას სხვა საფიქრალიც გაუჩნდება - მთავარი მოწმის გარეშე რჩება კუდის ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ აღძრული საქმე.
დათა ახალაიასა და სხვათა საქმის გამოძიების დასრულება უკვე დაანონსეს და ისინი უკვე გამოაცხადეს დამნაშავეებად სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში.
ახლა კი, რვა წლის წინანდელ საქმეს ახალი სიკვდილი დაემატა - გამოძიების ძაფი შეიძლება არ გაწყვიტოს, მაგრამ ვიღაცას საქმეში თეთრ ძაფებს მოაჩვენებს.
„რუსთავი–2“, გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“, ავტორი – თენგიზ გოგოტიშვილი