"ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, მთავრობის გეგმასა და მის მიერ შემუშავებულ გეგმას შორის ბევრ თანხვედრას ხედავს.
"მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაზე დაიწყო საუბარი. ბატონი გახარიასა და ჩემი სიტყვები ერთმანეთს დაემთხვა, როდესაც მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კორონავირუსზე არანაკლები გამოწვევაა ეკონომიკაც, რომელსაც ყურადღება სჭირდება.
მე დიდი ხანია ვითხოვდი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, მთავრობას აბსოლუტური სოლიდარობა გამოვუცხადე და ეს მოთხოვნა იმიტომ მქონდა, რომ საინტერესოა მთავრობა როგორ ხედავს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივას. ბოლომდე პასუხი არ მიმიღია, რადგან მთავრობაც ამბობს, რომ ეს ჯერ პირველადი მონაცემებია გეგმასთან დაკავშირებით. მე მაქვს პროგრამა, რომელსაც მთავრობის გეგმის მთელი რიგი საკითხები ემთხვევა. მე ეს მიხარია, რადგან ჩვენი შეთავაზება მთავრობისათვის ნამდვილად გულწრფელი იყო.
როდესაც დავინახე, რომ ლარის კურსის პროგნოზირებაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ის, რომ მსოფლიოს საერთაშორისო საბანკო და ფინანსური ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები სერიოზულ სტადიაზე უნდა გადავიდეს, ესეც ჩვენს გეგმას ემთხვევა.
ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული ქართული დაგების მხარდაჭერა, რომელიც ჩვენც გამოყოფილი გვქონდა. თუმცა ჯერ არაფერი თქმულა სასოფლო-სამეურნეო ნაწილთან დაკავშირებით, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია.
ასევე, მთავრობის გეგმა ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით. მივესალმები იმას, რომ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ მინდა ვთხოვო მთავრობას, სხვაგვარად შეხედოს მის მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რადგან როდესაც კონკრეტული ჭერია განსაზღვრული, რომ იმაზე მეტი არ უნდა დახარჯოს ამა თუ იმ ოჯახმა, მაშინ რა უნდა ქნას იგივე ორსულიანმა ოჯახმა და იგივე შემოსავლის მქონე უფრო მეტი სულადობის ოჯახმა. ასეთ შემთხვევაში ორსულიანი ოჯახი მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ვიდრე მეორე.
უფრო სამართლიანი იქნება აღნიშნული 200 კილოვატი დაეფინანსებინათ ყველა იმ ოჯახისათვის, რომელსაც ნაკლები შემოსავალი აქვს, ხოლო თუ ვინმე ამაზე მეტს დახარჯავს, განსხვავებას ის თვითონვე გადაიხდიდა,"- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ