
ეკა ბესელიას განცხადებით მიმდინარე კვირა 2019 წლის განმავლობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირას გადაწყდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ვის აირჩევენ.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული 20 კანდიდატიდან გაერთიანებული ოპოზიცია არცერთ მათგანს არ აღიარებს.
როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა კეჭისყრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ხარისხი.
„დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა და ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ქვეყანა ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას - ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. აბსოლუტური ფიქციაა იმაზე საუბარი, ვინმე იქნება თუ არა დაცული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გვაქვს თუ არა წარმატება, როდესაც „ქართული ოცნების“ მმართველობის მერვე წელს ისევ დგას საკითხი, წარსულში დავბრუნდებით, თუ უკეთეს მომავალს ვთავაზობთ ხალხს. დღეს სწორედ ამ განცხადების გასაკეთებლად მოვედი. ეს კვირა იქნება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მთელი 2019 წლის განმავლობაში და ამაზე უფრო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ამ პარლამენტს ნამდვილად არ ექნება მისაღები. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე აბსოლუტურად პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ხარისხი. ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა. მე ვიქნები კომიტეტის სხდომაზე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი იქ არის, სადაც კენჭისყრა ხდება. მოქალაქეები პარლამენტთან უნდა მოვიდნენ და აქ იდგნენ დილის 10 საათიდან იმისთვის, რომ პარლამენტს ესმოდეს, მისი მანდატის უკან მდგომი ადამიანები აპროტესტებენ ამ 20-კაციან სიას“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.