
„ეროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით ოპოზიცია მზადაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
კაპანაძის განცხადებით მათი მთავარი მიზანი მთავრობის საღ აზრზე დაბრუნება და შესაბამისად კომპრომისებზე წამოსვლაა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან კვლავ იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროპორციულად იყოს წარმოდგენილი მიღებული ხმების და პროცენტის შესაბამისად დეპუტატები პარლამენტში, ეს არის ჩვენი შეთავაზების მთავარი ამოსავალი წერტილი. ამის მიღწევის სხვადასხვა გზები არსებობს, ჩვენი შეთავაზება იყო გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და როგორც გუშინ ვნახეთ, ჩვენი პარტნიორების შეფასების შედეგადაც და ასევე, იქ მყოფი ჩვენი დელეგატების შეფასების შედეგად, გაჩნდა შანსი, რომ ამ მიმართულებით დაიძრას ხელისუფლება. მთლიანად მათი გადასაწყვეტი იქნება, ისინი ამაში გააგრძელებენ კონსტიტუციურ მონაწილეობას და წამოვლენ საღი აზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე კომპრომისზე, თუ -არა. თუ არ გადაწყვეტენ, მაშინ ეს პოლიტიკური პროცესი უფრო გამწვავდება და იქნება უარესი. ჩვენი გეგმები ამ მხრივ არ შეცვლილა, მაგრამ პარალელურად მზად ვართ, ვესაუბროთ ხელისუფლებას. ჯერ არაფერი არ დაკმაყოფილებულა, არანაირი თანხმობა ჩვენს შეთავაზებაზე არ გვაქვს. გუშინ უბრალოდ გამოითქვა დისკუსიის გაგრძელების მზაობა. მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე შეთანხმება შედგა, უბრალოდ, ისინი დაიძრნენ ამ მიმართულებით და გამოჩნდა, რომ შეიძლება მათი მხრიდან იყოს დათმობა. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, სანამ არ გაფორმდება”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.