
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მმართველი გუნდი მისი წევრების არსებული საარჩევნო სისტემის მართებულობაში დარწმუნებას აპირებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, უახლოეს მომავალში ხელისუფლება შეძლებს საერთო პოზიციას მიაღწიოს. ამის შემდეგ კი დაიწყება 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის განხილვა.
"საპარლამენტო უმრავლესობის გუნდში ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ამოცანა და სურვილია, რომ რაც შეიძლება დროულად ამოიწუროს ეს დისკუსია გუნდში და გუნდი საერთო პოზიციაზე შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის რთულია, როდესაც საკითხთან დაკავშირებით აზრები არის გაყოფილი და ეს აისახება საპარლამენტო პროცესზე. უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ უმრავლესობის სხდომებს, რამდენიც საჭირო იქნება.
ამ დისკუსიას აუცილებლად ამოვწურავთ და შევთანხმდებით ერთ საკითხზე. გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით 2024 წელს არის უკვე ასახული კონსტიტუციაში. ახლა ჩვენი გუნდის ნაწილს ჰქონდა ინიციატივა ბრიტანულ-ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოდელი ვერ იქნება მიღებული ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ კი მივიღეთ გადაწყვეტილება და საზოგადოებამ იცის, რას უჭერს მხარს გუნდის უმრავლესობა. შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წლის ნიშნული და ჩვენი გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების შესახებ შევინარჩუნოთ. საჭიროა შეხვედრა და შეთანხმება.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ