
ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი” პარლამენტში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, სადაც სამთავრობო პროგრამას განიხილავენ, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, „გირჩი“ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილისპრემიერმინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, მასთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამენ.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი" ყურადღებით აკვირდება პროცესს, რომელიც სამთავრობო პროგრამის განხილვას უკავშირდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ძველი შემადგენლობა, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომაა და არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნას ცვლილებებზე.
ასევე შეცდომაა, სამთავრობო პროგრამის, რეალურად, უცვლელი სახით წარმოდგენა. შესაბამისად, ამ პირობებში საპარლამენტო განხილვები რეალურ შინაარსს მოკლებულია და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები სამთავრობო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარს არ ვუჭერთ.
მიუხედავად ამისა, მივესალმებით პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილისმიერ გამოთქმულ მზაობას, ითანამშრომლოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაციის, გადასახადების დაწევისა თუ სხვა ეკონომიკურ საკითხებზე.
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრად არჩევის შემთხვევაში, მზად ვართ, პოსტზე მისი კანდიდატურის დამტკიცებიდან უახლოეს დღეებში, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ მას და გავაცნოთ ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ჩვენ მიერ შემუშავებული დეტალური გეგმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.