
უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობს, დაპირისპირება მოხდა ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. არსენ ავაკოვმა, ერთერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მას "კორუმპირებული მინისტრი" უწოდა, სახეში ჭიქა ესროლა, ხოლო თავად ავაკოვის თქმით, მან გარტყმისგან თავი შეიკავა და სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.
დაპირისპირებაში პრემიერი იაცენუკიც ჩაერთო, რომელმაც სააკაშვილს "გასტროლიორი" უწოდა და მოსთხოვა, "წათრეულიყო მისი ქვეყნიდან", რაც ასევე, გაიმეორა არსენ ავაკოვმაც. დაპირისპირებულთა დაშოშმინება ვერ შესძლო პრეზიდენტმა პოროშენკომ, რომელმაც, საბოლოოდ, სხდომა დახურა.
ორივე დაპირისპირებული მხარე მოითხოვს გასაჯაროვდეს ინციდენტის ამსახველი სრული ჩანაწერი. მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე კატეგორიულად მოითხოვა ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება და განაცხადა, რომ ყველა სიტყვაზე, რაც იქ თქვა, პასუხს აგებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ პირველმა მოიწვია პრესკონფერენცია და დეტალებზე ისაუბრა.
რაც შეეხება არსენ ავაკოვს, მან განმარტება ასევე, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გააკეთა. უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილი პოპულისტია და ეძებს გადადგომის ხმამაღალ საბაბს მას შემდეგ, რაც კონკრეტულად მისდამი დაქვემდებარებულ რეგიონში არაფერი გამოუვიდა. მისი თქმით, სააკაშვილი მისთვის დასმულმა უწყინარმა შეკითხვამ გამოიყვანა წყობილებიდან და მას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მინისტრმა გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა. ავაკოვმა ცნობილი გამოთქმა "ქურდს ქუდი ეწვის" მოიყვანა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია იმის შესახებ დასმულმა შეკითხვამ, თუ რატომ დაეკონტაქტა რუს ოლიგარქს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვების თაობაზე.