-
2015-11-04 12:49
საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გოგი თოფაძე "რუსთავი-2"-ის მიმართ აგრესიით ჯერ კიდევ იმ დროიდან გამოირჩეოდა, როცა სამაუწყებლო კომპანია შევარდნაძის რეჟიმის მამხილებელ რეპორტაჟებსა და საგამოძიებო მასალებს აქვეყნებდა.
2003 წლის ბოლოს დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პერიოდს ემთხვევა ჯერ კიდევ მაშინ გამოქვეყნებული მისი სატელეფონო საუბარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ბიზნესმენი "რუსთავი-2"-ს დანაშაულებრივ, ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციას უწოდებს და ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძეს მის წინააღმდეგ მოქმედებას ურჩევდა. გოგი თოფაძე ასლან აბაშიძეს სთხოვს, დაეხმაროს და ზეგავლენა მოახდინოს პრეზიდენტ შევარდნაძეზე, რათა მან ქმედითი ნაბიჯები გადადგას "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, "რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესის დასრულებამდე გოგი თოფაძემ თქვა ფრაზა: "რუსთავი-2 ხვალ არ იქნება", ხოლო პროცესის დასრულებისა და "რუსთავი-2"-ის მფლობელად სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის დადგენის შემდეგ განაცხადა, რომ ორი კვირით ადრე იყო დარწმუნებული, ქიბარ ხალვაში ამ საქმეს მოიგებდა.