
ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატიული, ლიბერალ-დემოკრატიული და სახალხო პარტიიდან საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნისა და "რუსთავი-2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების საპასუხო განცხადებას აქვეყნებს.
"ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც ხაზს ვუსვამთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მნიშვნელობას, და მივესალმებით ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეულ გარკვეულ პროგრესს, გვინდა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების მიმართ, რაც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
"უკიდურესად გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის - რუსთავი 2-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ჩვენი მოსაზრებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკური ველის დონეს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.
"საგანგაშოა ჩვენთვის, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის წევრთა და ლიდერთა სამართლებრივი დევნა – ყოფილი პრემიერის, პრეზიდენტის, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივ ლიდერთა ჩათვლით. გამოვთქვამთ შეშფოთებას, წინასასამართლო დაკავების ხშირად ბოროტად გამოყენების უამრავი ფაქტის, საგამოძიებო მოქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევის და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო.
"ამასთან, შოკირებული ვართ იმ ინფორმაციითაც, რომ ახლახან ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა ოპოზიციის რეგიონალურ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მიუღებელი განცხადებები. ნაცვლად ამისა, მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ იპოვოს ამ ვანდალიზმში დამნაშავე პირები და პასუხისგებაში მისცეს.
და ბოლოს, დასანანია მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მოსმენა, რომლითაც ცდილობენ იოსებ სტალინის რეაბილიტაციას, ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მისი ქანდაკებების ხელახლა დადგმას. ჩვენ ვგმობთ ამას და ვთხოვთ ხელისუფლებაში მყოფ მოქმედ კოალიციას გამოიჩინოს სათანადო პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, მათ შორის საქართველოშიც.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ლიდერებს და მმართველ კოალიციას შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას და სერიოზულ საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზასაც.
მოვუწოდებთ ევროკომისიას და საგარეო საქმეთა სამსახურს ყურადღებით მიადევნოს თვალი ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად," - ნათქვამია წერილში.
"ქართულმა ოცნებამ" საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. "კოალიცია ქართული ოცნების" პარლამენტის წევრებმა ევროპის სახალხო პარტიას (EPP) განცხადებით მიმართეს. განცხადების ავტორები გიორგი ვოლსკი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და თედო ჯაფარიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპის სახალხო პარტიისგან ითხოვენ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ თავი შეიკავოს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის საქმიანობაში ჩარევისაგან, თუმცა, რატომ არ არიან ამ მიმართვის ადრესატები სხვა ფრაქციის წევრი ევროპარლამენტარები, რომლებმაც ღია წერილს ასვე, მოწერეს ხელი, ჯერჯერობით გაურკვეველია.
"ქართული ოცნების" საპასუხო განცხადებაში ნათქვამია:
"ჩვენ ვართ შოკირებულები და დამწუხრებულები ევროპის სახალხო პარტიის აღნიშნული ანგარიშით და რეზოლუციით, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დეზინფორმაცია, უსამართლო და ორივე მხარისთვის, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის ინტერესების დამაზიანებელი.
ვითვალისწინებთ რა ევროპის სახალხო პარტიის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ნათესაობას, კოალიცია ქართული ოცნება კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ანგარიშს და მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიას ყურადღება გაამახვილოს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც არსებობს ბოლო წლებში საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც პოლიტიზირებული, ან როგორც ჩარევა დამოუკიდებელი სასამართლობის საქმეებში, მათ შორის რუსთავი ორის საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმეში.
რამდენადაც ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას და მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერის ფონზე წააგო არჩევნები ( მიუხედავად უსამართლო უპირატესობისა) და 2012 წელს მთავრობის ფორმირება მოხდა, კოალიცია ქართული ოცნების მიერ, საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. მიაღწია პროგრესს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებებთან მიმართებაში.
მოახდინა მთელი მმართველობის სისტემის რეფორმა. მიაღწია საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, მათ შორის მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში, ასევე ხელისუფლების გამჭირვალობის, კორუფციისგან გათავისუფლების და კარგი მმართველობის თვალსაზრისით.
გაიზარდა პოლიტიკური პლურალიზმი, და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ქართულმა ოცნებამ ჩაატარა არა ერთი, არამედ ორი ტური თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა.
ჩვენმა რეფორმებმა ფართო აღიარება მოიპოვა მათ შორის ევროკავშირის მიერაც. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. გთხოვთ, იხილოთ თანდართული ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და პროგრესზე ევრო-ატლანტიკურ და ევრო ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის პირად მოსაზრებას, რუსთავი ორთან და საბჭოთა დიქტატორ სტალინთან დაკავშირებით.
ჩვენი პოლიტიკური კოალიცია არის პროდასავლური ღირებულებების ერთგული, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი მომავალი და ღირებულებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და ვიცავთ, ეს არის სრულიად საპირისპირო იოსებ სტალინის რეჟიმის ღირებულებებისგან. ჩვენ როგორც ერთა ევროპული ოჯახის წევრები მივისწრფით დემოკრატიული განვითარებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ქართული ოცნების"დეპუტატებმა სახალხო პარტიას გაუგზავნეს.