-
2015-07-17 21:13
სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ სოფელ ხურვალეთში 14 ივლისს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის, ვანდალიზმისა და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 15 ივლისს ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფის მიერ გამოვლინდა 14 ივლისს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისა და „სახელმწიფო სიმბოლოების“ შეურაცხყოფის ფაქტი.
ინფორმაციის მიხედვით, „ხურვალეთში 300-დე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჩავიდა, ისინი აფრიალებდნენ დროშებს და ხელში ეჭირათ შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები, იძახდნენ უცენზურო სიტყვებს სამხრეთ ოსეთის ხალხისა და რუსეთის ფედერაციის მისამართით, ხოლო შემდეგ მოახდინეს ბანერის დემონტაჟი და ის ხევში გადააგდეს, დააკრეს რა ასევე, შეურაცხმყოფელი პლაკატები“.
ინფორმაციაში ასევე, აღნიშნულია, რომ აქცია ფართოდ შუქდებოდა მას-მედიის წარმომადგენლების მიერ, ხოლო დემონტაჟის შემდეგ ადგილზე „უცხო ქვეყნის დროშა აღმართეს“.
„რესის“ ინფორმაციით, ერთობლივმა ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფმა ადგილზე აღმოაჩინა დაზიანებული ბანერი, რომელიც „თავდაპირველი განთავსების ადგილზე“ გადაიტანა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშა „ჩამოიხსნა საერთაშორისო ცერემონიალის გათვალისწინებით და გადაეცემა ქართულ მხარეს ერგნეთის შეხვედრის დროს“.