-
2015-06-02 04:29
ოდესის ოლქის ახალ პროკურორად, შესაძლოა, საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე პრორუსული ორიენტაციის უკრაინული გამოცემა, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელებული ეს ინფორმაცია, ძირითადად, იმ მედიარესურსებზე ქვეყნდება, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა პრორუსულია და ე.წ. ნოვოროსიის წარმოჩენას ემსახურება.
უკრაინის ოფიციალურ პირებს ამ ინფორმაციასთან დაკაშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ. არაა ცნობილი ასევე ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.
უკრაინული და რუსული ონლაინგამოცემები წერენ, რომ ინფორმაცია სანდოა და ის ოდესის ოლქის ადმინისტრაციისგან მიიღეს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინკოგნიტო მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს.
ამავე ვერსიაში საუბარია იმაზეც, რომ ოდესის ოლქის პროკურორთან ერთად, შეიცვლება შსს-ს ოდესის საოლქო მთავარი სამმართველოს უფროსიც და ოდესის ოლქის პირველი პოლიციელი უკრაინის შს მინისტრის მოქმედი მოადგილე, მილიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრე რუდენკო გახდება.

