-
2015-06-01 03:42
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმზღვანელი ლაშა დამენია დღეს სამეგრელოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ სრული მობილიზაციის ფონზე ხელისუფლებამ ძნელ გამარჯვებას მიაღწია.
შეგახსენებთ, ზუგდიდის 67-ე ოლქის 45-ე უბანში, სოფერ ერგეტაში საკრებულოს შუალედური არჩევნები დღეს ჩატარდა.
„31 მაისს, ზუგდიდში, სოფელ ერგეტაში ჩატარდა შუალედური არჩევნები საკრებულოს წევრობისთვის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა 45% აიღო. ხელისუფლების მხრიდან მობილიზებული იყო, მთელი გუბერნია, რაიონისა და ქალაქის მერია თანამშრმლებითურთ, ფოთის, ხობის გამგებლები, სოფლის გამგებლები თანამშრომლებითურთ, ზონდერბრიგადები უკლებლივ.
სოფელში ასფალტის დაგებისა და გამრიცხველიანების დაპირების, 3 ავადმყოფზე ოპერაციის ფულის ჩარიცხვის დაპირებით, 10–ობით ოჯახის დაშინების შემდეგ არჩევნებზე გამოუცხადებლობის პირობებში, ხელისუფლებამ 71 ხმით გაიმარჯვა, კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ხელისუფლება აღარ იარსებებს“, - წერს ლაშა დამენია „ფეისბუქში“.
ზუგდიდში არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ დარღვევაზე „თაიმერი“ დღის განმავლობაში წერდა. გამოცემას ორგანიზაცია „მომავლის არჩენების“ წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავდა იმის თაობაზე, რომ ერთერთმა ამომრჩეველმა კაბინაში ყოფნის დროს შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღო, ხოლო შეკითხვაზე, რატომ აკეთებდა ამას, უპასუხა, რომ შემოხაზული ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღება ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაავალა და მათთვის უნდა ეჩვენებინა.