
„იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის დღეს საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ე.წ. მატროსოვის ციხეში 6 კვადრატულ მეტრ ადგილს, სადაც ამჟამად მისი თანამებრძოლები იმყოფებიან.
ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის კანონმდებლობით, მას ორი წლის განმავლობაში აქვს უფლება, მიიღოს ორმაგი მოქალაქეობა და აცხადებს, რომ ახლა ყველაფერი საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რომელსაც შეუძლია, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვას:
„ასე რომ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს პრეზიდენტზე. თუ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტი ჩამომართმევს, ესეც არ იქნება დიდი პრობლემა, რადგან იმ დროისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში და ეს ბევრად იმაზე უფრო ადრე მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი გააუქმებინებს მათ როგორც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას, ასევე ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას...
ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა საქართველოში ჩამოვიდა და საქართველოს ლიდერი გახდა, არც ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, შემდეგ კი საქართველოს ლიდერი გახდა. ეს მოქალაქეობა არავისთვის არ ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება?“, - აცხადებს სააკაშვილი.