-
2015-05-31 05:56
საქართველოს ხელისუფლების, ზოგადად, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ცალკეული პირები ოპოზიციური პარტიებიდან მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ოდესის ოლქის გუბერნატორად "შეცდომას" უწოდებენ. მსგავსი რეაქცია აქვთ რუსეთის ხელისუფლებაშიც.
ასე მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აცხადებს: „ქვეყნას რომელსაც ვგულშემატკივრობთ, ნამდვილად არ ვუსურვებდი, რომ ის პოლიტიკა აწარმოოს სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში გააკეთა. ის არ არის არაფერი კარგის მომტანი მათთვის. ამას ალბათ მოგვიანებით თავადაც დაინახავენ“.
დავით საგანელიძე ამბობს: "ჩემთვის ძალიან ახლობელ და ძვირფას უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით ოდესის მოსახლეობას თანავუგრძნობ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არის მათი გადასაწყვეტი და მე მათ საქმეში არ ვერევი. ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი იდეოლოგიურად შეცვლილი იყოს და სხვა ადამიანთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი სახელის და გვარის პიროვნებაში მე ეს წარმოუდგენლად მეჩვენება".
რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინა "უბედურად" მოიხსენია სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის გამო და ამ ყველაფერს შაპიტო-შოუს გაგრძელება უწოდა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა დაწერა, რომ საქართველოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი უამრავ დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილი პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა და ამ ფაქტს სიმბოლური უწოდა, მოიხსენია რა დანიშვნის ფაქტი "კიევური დემოკრატიის" გამოვლინებად, "რომელსაც მშვიდად ადევნებს თვალს დასავლეთი".
დანიშვნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნა ოდესაში იქაური "იუმორინისთვის" ახალი სიცოცხლის შთაბერვის მიზნით გახდა საჭირო.