
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე, რუსული მხარის მიერ არასასურველ პერსონად გამოცხადებული და ტერორისტთა სიაში შეყვანილი, ლაფანყურის სპეცოპერაციის მოწმე ზელიმხან ხანგოშვილი თბილისში, გელოვანის ქუჩაზე დაჭრეს.
ინფორმაციაში, რომელიც "კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" გაავრცელა, ნათქვამია, რომ ეთნიკური ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი ხელში დაიჭრა, როცა მანქანაში მყოფს სხვა მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.
დაჭრილი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავად მივიდა. სადაც მას ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა.
ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ახლობლების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლები დაჭრის ფაქტს ლაფანყურის სპეცოპერაციას არ უკავშირებენ. მათი თქმით, ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილეა და მის წინააღმდეგ მომხდარი დანაშაული დიდი ალბათობით რუსეთის ინტერესებს უკავშირდება. ზელიმხან ხანგოშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს.
მისი დაჭრის ფაქტს ალეკო კვახაძე გამოეხმაურა:
"დღეს თბილისში ჩეჩნეთის ომის გმირი ზელიმხან ხანგოშვილი დღისით და მზისით დაჭრეს. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს უსაფრთხოებაში და ის, რომ პანკისის ხეობაში სიმშვიდე იყო, ამ კაცის დიდი დამსახურებაა.
ამ ადამიანზე დიდი ხანია ФСБ-ს ნადირობა აქვს გამოცხადებული. 2010-11 წლებში რუსეთი გეგმავდა მის ლიკვიდაციას და ქილერებიც ჰყავდა გამოშვებული, თუმცა კონტრდაზვერვამ მოახდინა მათი "პერეხვატი".
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველა ადამიანი, რომელიც ებრძოდა რუსეთს არის დაუცველი და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს ФСБ-ს ქილერების მსხვერპლი".
ფოტოზე: ზელიმხან ხანგოშვილი