
ჟურნალისტი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „არჩევანში“ აცხადებს, რომ ლატვიაში გიორგი მელაძესთან ერთად ჩასულმა პავლე კუბლაშვილმა მის მიერ გახსნილ ანგარიშზე ხელისუფლებისგან სოლიდური თანხა ჯოზეფ ქეის მეშვეობით მიიღო.
ელისო კილაძის თქმით, პავლე კუბლაშვილის მიზანი ახალი ფრაქციის შექმნაა და ამისთვის მას კიდევ ორი დეპუტატი სჭირდება. მისივე განცხადებით, მან, შესაძლოა, მიიღოს ეს შევსება დამოუკიდებელი დეპუტატებისგან.
ელისო კილაძემ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე ან ინფორმაციას არ ფლობს, ან წინასწარ არ ამხელს, მაგრამ კიევში მამუკა კუდავა ნამდვილად შეხვდა ოთხეულის წარმომადგენლებს და კიევში მათ ვიზიტს უკავშირდება ჯაბა ებანოიძის წასვლა თანამდებობიდან (ჯაბა ებანოიძე წინა ხელისუფლების წარმომადგენელია და უკრაინის იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა).
რაც შეეხება ჯოზეფ ქეის თემას, "გამომდინარე იქიდან, რომ ქეი გარიგებულია ხელისუფლებასთან, ცხადია ეს არ იყო ჯოზეფ ქეის პირადი ინიციატივა, ეს იყო დავალება. ის, რომ ხელისულფების გარკვეული ფრთა „ნაციონალების“ გარკვეულ წარმომადგენლებთან სხვადასხვა ტიპის ბიზნესგარიგებებში არიან, ეს ახალი არ არის", - თქვა კილაძემ.
„მე მოვითხოვ პავლე კუბლაშვილისგან, ოფიციალურად დაადასტუროს ან უარყოს ხვალინდელ ბრიფინგზე, იყო თუ არა ის ლატვიაში, გახსნა თუ არა იქ ანგარიში და ჩარიცხულია თუ არა სოლიდური თანხა ამ ანგარიშზე“, - თქვა „არჩევანში“ ელისო კილაძემ.