
პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" დანარჩენ სამ წევრთან ერთად ადასტურებს, რომ პარტია დატოვა.
"ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.
ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე.
მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქში".