
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ახალი მოადგილეები დაასახელა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე გახდა.
ებრალიძის გარდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გახდნენ საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი კაკაბაძის მეუღლე ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანა დოლიძე სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, დავით ებრალიძე ფინანსების მიმართულებას ჩაიბარებს, ხოლო ბესიკ ლოლაძე, ასე ვთქვათ სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.
სამინისტროში კიდევ ორი მოადგილის თანამდებობაა ვაკანტური. თინა ხიდაშელის თქმით, ამ თანამდებობებზე დასანიშნად საზღვარგარეთ მყოფ ორ პირთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა, მათი დასახელებისგან მან თავი შეიკავა.
ანა დოლიძე ამჟამად ძირითადად კანადაში ცხოვრობს და საქმიანობს და თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვიდა. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მას მიღებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, კორნელის უნივერსიტეტისგან, სამართლის მაგისტრის ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტისგან და სამართლის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით) თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან.
ამჟამად ანა დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.