
პაატა ზაქარეიშვილი "ახალ გაზეთთან" ინტერვიუში ეხება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების რუსულით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ისე არ არის, როგორც ამას ზოგი მედიასაშუალება ხატავს.
ზაქარეიშვილის თქმით, საუბარია არა ქართული ენის განდევნაზე, არამედ ბილინგვურ სწავლებაზე, როცა ქართულთან ერთად, რუსულის სწავლებაც ხდება და სავალდებულო და თუ ადამიანს ორი ან სამი ენა ეცოდინება, ამაში ცუდი არაფერია:
"გალში 11 ე.წ. ქართული სკოლაა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. სიახლე ეხება ბილინგვურ სწავლებას, ანუ, ქართულ სკოლებში ქართულ ენასთან ერთად რუსული ენის სწავლების დაწყებას. ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის.
რასაც და როგორც აპირებენ, ზოგადად, სულაც არ არის მისასალმებელი, მაგრამ ისე არ არის, როგორც თქვენ წარმოაჩენთ ვითარებას. ანუ, ქართული ენა რჩება და ქართულთან ერთად რუსული ენა შემოაქვთ, ასეა განცხადებული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. თუკი ადამიანს ორი ენა ეცოდინება, ამაში უარესი რა არის?! ", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.