
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ნებისმიერი მედიასაშუალების თანდასწრებით დაათვალიერებინოს საცხოვრებელი ფართი ბიძინა ივანიშვილსა და გადაცემა "2030"-ის ანალიტიკოსებს და ასევე, პრეზიდენტის რეზიდენციაშიც უმასპინძლოს, სადაც, სხვათა შორის, პრეზიდენტი არ ცხოვრობს.
ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
"მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს.
პრეზიდენტი მზად არის, უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30 ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს.
ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენციაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ ცხოვრობს",- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.