
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს. პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება:
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას.
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.
მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.
პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება! ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - ნათქვამია განცხადებაში.