
„კვირის ქრონიკა“ ყოფილი პრემიერის გარემოცვაზე დაყრდნობით, ბიძინა ივანიშვილის იმ განწყობებისა და რეაქციების შესახებ წერს, რაც მასში მთავრობის წევრთა ქმედებებმა გამოიწვია.
„ის თურმე ძალიან გაღიზიანებული ყოფილა იმით, რომ მთელი „ნაცმოძრაობა“ და მასთან მიბმული ოპოზიციური პარტიები, ირაკლი ალასანიას გუნდის თამადობით, ლარის გაუფასურებაში მხოლოდ მთავრობას რომ ადანაშაულებენ და ეროვნული ბანკი არავის უხსენებია.
ივანიშვილი გაუცოფებია იმას, რომ მათ ვერც პარლამენტიდან და ვერც მთავრობიდან კვალიფიციური პასუხი ვერ გასცა ვერავინ და ეროვნულ ბანკს ბრალი არ დასდო იმაში, რაშიც აშკარად დამნაშავე იყო და რამდენიმე დღის განმავლობაში კოალიციის ლიდერები მხოლოდ მთავრობის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ, იმის ნაცვლად, რომ გიორგი ქადაგიძისთვის იქეთ შეეტიათ...
წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილს საგანელიძისთვის უსაყვედურია, ვერც ერთ არჩევით დონეზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიები სათანადოდ ვერ დააკომპლექტე და ამიტომ, პოლიტიკაში ჩვენი გზები გაიყოო.
იგივე წყაროს ცნობით, ივანიშვილი საგანელიძეთი მარტო ამიტომ არ არის უკმაყოფილო. მისთვის უჩვენებია „ქართული ოცნების“ ცენტრალური, რეგიონული და რაიონული ოფისების 50-ზე მეტი სხვადასხვა დონის ხელმძღვანელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტები.
მეტიც, მრავალი მათგანის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების მტკიცებულებები, ამ ხალხის მიერ დაწერილი ხელწერილები, რომ სპეცსამსახურებთან ნებაყოფლობით თანამშრომლობენ. ეს პირველი არ ყოფილა, როცა ივანიშვილს საგანელიძის კადრები გაუშიფრავს და „ნაციონალების“ დროინდელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში უმხელია,“ - წერს „ქრონიკა“